28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
მართლმადიდებლებისათვის მარიამობა თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთია.
ახალი აღთქმით მიხედვით, მარიამი იესო ნაზარეველის დედაა. ლუკას სახარების გადმოცემით, მან იესოს ჩასახვის შესახებ გაბრიელ მთავარანგელოზისაგან შეიტყო.
საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, მაცხოვრის აკლდამაში ლოცვის დროს, მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი გამოეცხადა და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა.
გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. მესამე ჟამს (დაახლოებით დილის 09:00 საათზე) ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა. ღვთიმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონის მთიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ამიტომ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ.
არაკანონიკური ნაშრომების გადმოცემით, მარიამის მშობლები იოაკიმი და ანა იყვნენ.
მორწმუნეებმა მარიამობას სამი ლოცვა უნდა წაიკითხონ:
1. შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
2. მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.
3. ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას. ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ…
დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახალი სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახალი სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.