მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა — ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახალი სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახალი სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.
ტროპარ-კონდაკი, რომელიც ამ დღეს იკითხება:
ტროპარი:
შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
კონდაკი:
მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.
მარიამობის მარხვა 1 (ახ. სტ.14) აგვისტოდან იწყება და 15 (ახ. სტ. 28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.
ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო იყო – იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.