როგორც წესი, სხვადასხვა ვირუსის ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება ხოლმე, თუმცა გლობალური პანდემიის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ კორონავირუსის ვაქცინა რეკორდულად მოკლე ხანში შეიქმნა და ვაქცინაციაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე დაწყებულია. კითხვა შემდეგშია – როგორ მოხდა მსგავსი პრეცედენტი?! ეს მიღწევა კატალინ კარიკოს 40 წლიანი გამოცდილებისა და მისი რნმ-თან (რიბონუკლეინის მჟავასთან) დაკავშირებული მრავალწლიანი კვლევების დამსახურებაა. მიმდინარე წლის ნოემბერში, სწორედ მისი წყალობით გამოავლინა Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის ცდებმა 95%-იანი ეფექტურობა.
“ამოვისუნთქე, ისე ავღევლდი [სიხარულისხგან], შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი“ – ამბობს კატალინ კარიკო The Daily Telegraph-თან ინტერვიუში.
ყველაფერი საბჭოთა უნგრეთში იწყება. კატალინ კარიკო 1955 წელს, სოლნოკში, დაიბადა. მეცნიერებით ბავშვობიდან მოხიბლულმა, თავისი კარიერა 23 წლის ასაკში სზეგედის უნივერსიტეტის ბიოლოგიური კვლევების ცენტრში დაიწყო.
მან ამავე ადგილას მოიპოვა თავისი დოქტორის ხარისხი და პირველად, სწორედ ამ უნივერსიტეტში დაინტერესდა იგი რიბონუკლეინის მჟავით. მისი ინტერესის მიუხედავად, მაშინდელი კომუნისტური უნგრეთის ლაბორატორიები რესურსების სიმწირით გამოირჩეოდა, ამიტომ არანაირი სერიოზული აღმოჩენა მას ამ პერიოდში არ გაუკეთებია.
1985 წელს, აღნიშნულმა უნივერსიტეტმა კატალინი გაანთავისუფლა კიდეც, რის გამოც კარიკომ სამსახურის ძებნა საზღვარგარეთ დაიწყო. საბოლოოდ, იმავე წელს მან ფილადელფიის „ტემფლ“ უნივერსიტეტში განაგრძო მუშაობა.
როდესაც კატალინი ამერიკაში პირველად ჩავიდა, მას თავისი მეუღლე და ორი წლის ქალიშვილი თან ახლდა. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი მათ ქვეყნიდან 100$-ზე მეტი ოდენობის თანხის გატანის უფლებას არ აძლევდა, კარიკოს 900 ფუნტის დამალვა ქალიშვილის სათამაშოში მოუწია. აღსანიშნავია, რომ ეს ფული ოჯახის საერთო მანქანის გაყიდვით მიიღეს.
„მხოლოდ ერთი გზის ბილეთი გვქონდა. არავის არ ვიცნობდით“ – განაცხადა Business Insider-თან საუბრისას.
კომუნიზმისგან თავის დაღწევის შემდეგ, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც კატალინს ჰქონდა დაგეგმილი. 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც მეცნიერების გარკვეული ნაწილი დნმ-ზე იყვნენ კონცენტრირებულნი და ისეთი დაავადებების განკურნების მთავარ გასაღებად, როგორიც სიმსივნეა, სწორედ ამას მიიჩნევდნენ, კარიკოს უპირველეს ინტერესს რიბონუკლეინის მჟავასთან დაკავშირებული ის გენეტიკური კოდი წარმოადგენდა, რომელსაც უჯრედებს პროტეინების წარმოსაქმნელ ერთგვარ ინსტრუქციებს აძლევდა.
იმ დროისთვის, რნმ-ის გამოკვლევებს ხალხი ძალიან კრიტიკულად აფასებდა. 1995 წელს, როდესაც კატალინს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი უნდა აეღო, მას მკვლევარის სტატუსი მიანიჭეს.
„ჩვეულებრივ, მსგავს შემთხვევებში, ხალხი ემშვიდობება და თავის საქმეს ტოვებს ხოლმე. მე ვიფიქრე, რომ ყველაფერი აქ არის, უბრალოდ უკეთესი ექსპერიმენტები უნდა ჩამეტარებინა“ – თქვა კატალინმა Business Insider-თან.
მიუხედავად იმისა, რომ კატალინს სამსახურში არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია და მათ შორის თანამშრომლების მხრიდან სექსიზმის მსხვერპლიც კი არაერთხელ გამხდარა, იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მსგავს წინაღობებს და თავისი საქმის სიყვარულით, ლაბორატორიაში თავს ბედნიერად მაინც გრძნობდა ხოლმე.
„ჩემი ქმარი, ყოველთვის, დღესაც კი ამბობს – ეს შენთვის გართობაა. მე არ ვამბობ ხოლმე, რომ სამსახურში მივდივარ. ჩემთვის ეს თამაშივითაა“, – დაამატა მეცნიერმა.1997 წელს, კარიკოსმა კარიერაში წინ მოულოდნელად დიდი ნაბიჯი გადადგა. იგი იმუნოლოგ დრიუ ვეისმენს შეხვდა, რომელიც იმ პერიოდში შიდსის ვაქცინაზე მუშაობდა. ისინი გაერთიანდნენ და აი, 2005 წელს, რნმ-ზე მუშაობის მხრივ მათი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ამის შემდეგ, რნმ-თან მიმართებით, მათ ერთად მუშაობა წარმატებით, კიდევ უფრო მეტად გააღრმავეს და გააგრძელეს.
Pfizer-BioNTech-სა და Moderna-ს ვაქცინები, სწორედ ამ რნმ-ის კვლევებითაა მიღებული. ორივე ვაქცინას სწორედ იგივე „სტრატეგია აქვს შემუშავებული“ – აღაგზნოს კორონავირუსისათვის საჭირო, კონკრეტული პროტეინი, რათა სხეულის იმუნურმა სისტემამ სასურველი პასუხი გამოავლინოს და ვირუსს გაუმკლავდეს.
ბევრი ფიქრობს, რომ კატალინ კარიკო და დრიუ ვეისმენი თავიანთი კვლევის გამო, მედიცინაში ნობელის პრემიას იმსახურებენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარიკო, ამჟამად გერმანული ფირმა – BioNTech-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.
მიუხედავად კარიკოს მრავალწლიანი ბრძოლის და დიდი ტრიუმფისა, CNN-თან მისი განცხადებით, შამპანიურის ბოთლების გახსნის დრო ჯერ არ მოსულა. იგი მასობრივ ვაქცინაციას ელოდება, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას Covid 19-ის ვირუსი.
„ამის შემდეგ, უკვე მართლა აღვნიშნავ“, – თქვა გამოცემასთან ინტერვიუში.
საინტერესოა ისიც, რომ კარიკოს შვილი – სუზან ფრანსია აშშ-ის ნიჩბოსანთა გუნდის ერთ-ერთი ოქროსმედალოსანი სპორტსმენია, რომელიც 2008 და 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ სპორტში, მას ასევე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსიც აქვს მოპოვებული.
წყარო: „პრაიმტაიმი“