საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლების შესახებ “მეტრონომი” “ჰერპის” დამფუძნებელ გიორგი გიგაურს ესაუბრა. მან განმარტა როგორ უნდა ამოვიცნოთ შხამიანი გველის ნაკბენი და როგორ უნდა დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან.
რა ტიპის ქვეწარმავლებია გავრცელებული საქართველოში?
ვინ არის ახლახანს ტრაგიკულად გარდაცვლილი სტუდენტი გოგონა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში გავრცელებული, დაახლოებით 3500-მდე სახეობიდან, საქართველოში ამჟამად გვხვდება მხოლოდ 24 სახეობა. ამ 24 სახეობიდან მხოლოდ 8 არის შხამიანი, ამ 8-დან, 6 გველგესლასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, აქედან კი, ადამიანისთვის მომაკვდინებელი შხამი მხოლოდ ერთს აქვს – გიურზას. დანარჩენი გველგესლები შეგვიძლია ერთნაირი სიძლიერის მქონე შხამიან გველებად მივიჩნიოთ. დანარჩენი 2 სახეობა არის სუსტად შხამიანი გველი, ანკარისებრთა ოჯახიდან, რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხო სახეობებად ითვლებიან გამომდინარე იქიდან, რომ შხამსადენი ეშვები ღრმად ხახაში აქვთ და კბენისას ვერ ახერხებენ ჩასობას, თუმცა ჩასობის შემთხვევაშიც შხამი იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ ადგილობრივ გაღიზიანებას და შესიებას იწვევს, არ რთულდება ადამიანში პროცესი.
ქვეწარმავალი არასოდეს არის თავდასხმის ინიციატორი, შესაბამისად როგორ უნდა მოვიქცეთ რომ მისი გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ?
გველები მორცხვი ცხოველები არიან და ყოველთვის ეცდებიან კონფლიქტს თავი აარიდონ, ადამიანის შემთხვევაში, ძირითადად დანახვისთანავე ცდილობენ დამალვას, თუმცა მიმწყვდევისას ან მოკვლის მცდელობისას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ცხოველს, მათაც აქვთ თავდაცვის ინსტინქტი და შესაბამისად, თავის გადარჩენის რეჟიმზე გადადიან და სწორედ ამ დროს ხდება დაკბენაც უმეტეს შემთხვევაში. ე.ი, შემჩნევისას ვცდილობთ დავიჭიროთ 2 ან მეტი მეტრის დისტანცია და თუ დაკვირვება გვინდა ასე დავაკვირდეთ, ან უბრალოდ ნელი ნაბიჯებით გავეცალოთ ტერიტორიას. ამ დროს მთავარია მისი მიმართულებით არ ვიმოძრაოთ, რადგან მან საფრთხედ არ აღგვიქვას. რაც უფრო მეტად საფრთხისმომტანი ვჩანვართ მისთვის, მით უფრო იძაბება და მით უფრო საშიშია მასთან მიახლოვებაც.
ყველაზე მეტად რომელი რეგიონია საშიში ქვეწარმავლების კუთხით?
ყველაზე უსაფრთხო ზონად, შეგვიძლია დასავლეთ საქართველო მივიჩნიოთ, რადგან იქ არ ბინადრობს გიურზა. თუმცა განსაკუთრებით საფრთხილო ზონებია რუსთავი, გარდაბანი და მიმდებარე ტერიტორიები. გიურზა ფართოდ არის გავრცელებული დედოფლისწყაროში, ახმეტაში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ამ ქალაქების სიახლოვეს. განსაკუთრებით უყვარს მშრალი და კლდოვანი ადგილები, უდაბნოები… თბილისში გვხვდება ძირითადად სამხრეთ ნაწილში, ნაკლებად დასახლებულ ადგილებში, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, მთაწმინდა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ტაბახმელა… აქვე აღსანიშნავია, რომ ვაკე-საბურთალო, ლისის ტბა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე გლდანი, გლდანულა არ არის მისი გავრცელების არეალი. აქ ძირითადად გვხვდებიან უშხამო სახეობები ან უფეხო ხვლიკები და შესაბამისად პანიკაც უსაფუძვლოა.
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და მისი ნაკბენი?
შხამიანი და უშხამო გველის გარჩევისას რამდენიმე ძირითად ნიშანს ვიყენებთ ხოლმე, მაგალითად, სამკუთხა თავის ფორმა, კატისნაირი ვერტიკალური თვალის გუგა, მოკლე კუდი და სქელი ტანი. საქართველოში გავრცელებული გველების შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ საფრთხისას, თავდაცვის მიზნით უშხამო სახეობებიც ბერავენ თავს რომ უფრო დიდები და საფრთხისმომტანები გამოჩნდნენ, ანუ მტაცებლის დასაფრთხობად მიმართავენ ამ ხერხს, შესაბამისად, ჩემი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ და შხამიანი სახეობები მაინც ნახატით, ფერებით და ფორმებით დავიმახსოვროთ, ხოლო თუ სახეობის იდენტიფიცირება ვერ ხდება, უბრალოდ დავიცვათ დისტანცია და არ მივუახლოვდეთ, არ მოვკლათ და არ ვეთამაშოთ.
სახეობების იდენტიფიცირებისთვის კი, დაახლოებით 1 წლის წინ ვებსაიტიც ჩავუშვი – herpi.ge – ჰერპი არის საქართველოში გავრცელებული რეპტილიებისა და მორიელების მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა. თუ იდენტიფიცირება ვერც ვებსაიტით ხდება, აქაც, როგორც უკვე აღვნიშნე, არ მივდივართ ახლოს და ვიცავთ დისტანციას ან ვეცლებით ტერიტორიას.
თუ მაინცდამაინც მოხდა დაკბენა, მიახლოებისას ან შემთხვევით ფეხის დაბიჯებისას, პირველ რიგში უნდა მოხდეს ნაკბენის იდენტიფიცირება, ანუ უნდა გავარკვიოთ შხამიანმა გველმა გვიკბინა თუ უშხამომ. როგორც წესი, შხამიანი გველის დაკბენისას სხეულზე ჩნდება ერთი ან ორი ნაკბილარი. შხამი კი ორგანიზმში შეღწევისთანავე იწყებს მოქმედებას, შესაბამისად ეს არის ძალიან მტკივნეული გამოცდილება. ტკივილი თანდათან გაძლიერდება, ადამიანს ეწყება თავბრუსხვევა, ცხელება, გულისრევაც შეიძლება ახლდეს ამ სიმპტომებს თავს. ნაკბენი ადგილი შესივდება და გაშავდება, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია რადგან უშხამო სახეობებში ასე არ ხდება, შხამი აზიანებს ქსოვილს და ამის შედეგად ხდება ჭრილობის ფერის ცვლილებაც. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორად დავეხმაროთ საკუთარ თავს ან სხვას და გავუწიოთ სწორი პირველადი დახმარება: დამშვიდდით, არ იმოძრაოთ რომ გული არ აჩქარდეს და შხამის გავრცელების ტემპიც ნელი იყოს, არ ამოწოვოთ ნაკბენი, არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელი, არ დაიდოთ ლახტი ნაკბენი ადგილის ზემოთ რადგან ეს უკანასკნელი შხამის კონცენტრაციას გაზრდის კიდურში რაც შემდეგ კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ამის ნაცვლად, ვრეკავთ 112-ში, ვაფრთხილებთ ნებისმიერ ადამიანს მდგომარეობის და ადგილმდებარეობის შესახებ და ვიღებთ ბევრ სითხეს. თუ ამის საშუალებაა, უნდა მოხდეს ნაკბენი ადგილის დამუშავება ეთანოლით (სპირტით) და წყალბადის ზეჟანგით, რომ დამატებით კიდევ ინფექციისგან მოხდეს თავის დაზღვევა. სასურველია ჭრილობაზე ყინულის ან რამე ცივის მოთავსებაც.
გასათვალისწინებელია, რომ გიურზას შემთხვევაშიც, ადამიანს უახლოეს კლინიკამდე მისასვლელად და შესაბამისი მკურნალობის მისაღებად დაახლოებით 4-დან 7 საათამდე აქვს დრო. თუმცა ესეც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გარკვეულ პროცესებს შეუძლიათ ამ დროის შემცირება. მაგალითად, ალერგიულებს ბევრად ნაკლები დრო შეიძლება ჰქოდნეთ, ამიტომ დაკბენისას უახლოეს 10-15 წუთში რეკომენდებულია დექსამეტაზონის მიღება.
როგორ უნდა დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან?
რაც შეეხება თავდაცვას, თუ ეზოში არასასურველი ქვეწარმავალი გვყავს, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ეზოში მღრღნელის ან სამალავების (სოროების, ორმოების, მორების) არსებობით. გველს სულ ორი რამ სჭირდება არსებობისთვის – საკვები და სამალავი და თუ მას ამ პირობებს შევუქმნით, ბუნებრივია, ეზოც მისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. შესაბამისად, თუ გვსურს ეზოს დაცვა, ერთადერთი გამოსავალი მისი მოწესრიგებაა. გააქრეთ სამალავები, მოაშორეთ სამშენებლო ნარჩენები, მაღალი ბალახი, სოროები, ყველაფერი სადაც დამალვას შეძლებს და მოსპეთ მღრღნელი. სხვა ქიმიური თუ ელექტრონული საშუალებები, ასევე გოგირდის და რეზინის დანთება არაეფექტურია და ადამიანისთვის უფრო მეტი საფრთხეა ვიდრე ქვეწარმავლისთვის.
ავტორი – თიკო ნოდია