“როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას 23 წლის მათე ბაღაშვილი სოფელ გლოლიდან, იგი შოვში სტიქიის მესამე დღეს, 6 აგვისტოს, ჩავიდა.
მათე მოხალისეების სახელდახელოდ მოწყობილ “დღვიორის ბანაკს” შეუერთდა. ეს ბანაკი 4-დან 13 აგვისტომდე ცხელ საკვებს და პირველადი დანიშნულების ნივთებს სთავაზობდა ყველას, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობდა.
იმ დროს, როცა შოვს ღვარცოფმა გადაუარა, მათე თბილისში იყო, სამსახურში და ფიქრობდა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა – რაჭაში მდინარე კი ადიდდა, ხიდიც მოგლიჯა და გზაც დააზიანა, მაგრამ ეს თითქმის ყოველ წელს ხდება. საქმე რომ მარტივად არ იყო, მაშინ მიხვდა, როცა რაჭაში მყოფი არცერთი მეგობარი და ნათესავი არ სცემდა პასუხს ტელეფონზე.
“ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ იყო. არავისთან არ გადიოდა, არავინ არ მპასუხობდა, პირველი ორი საათი იყო ჯოჯოხეთის ტოლფასი – არაფერი არ იცი იმის გარდა, რომ ძალიან დიდმა ტალახის მასამ გადაუარა შოვს.
ჩემი ბიძაშვილი გამოვიდა პირველი ხაზზე და მითხრა, ჩვენ გადავრჩით, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხია შიგნითო და გამომიგზავნა მდინარის ვიდეოები, სადაც ჩანდა, რამხელა შლამი და ხეები მოჰქონდა წყალს. ამ დროს ვიცოდით, რომ 15 კაცი იყო დაკარგული და მსხვერპლი არ იყო. მაშველები რომ ჩავიდნენ, ვფიქრობდი, რომ ყველა გამოიყვანეს, ვინც იქ იყო. მედიაშიც ასე იწერებოდა, რომ ყველა გადარჩა, არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
ნელ-ნელა გავიგეთ, რომ კატასტროფა ხდებოდა – ადამიანებს შვილები ჰყავდათ დაკარგულები, დები და ძმები, მშობლები. მეორე დღეს დრონის კადრები რომ ვნახე, მივხვდი, რომ იქ თუ ვინმე იყო, ცოცხალი აღარ იქნებოდა გადარჩენილი, მაგრამ სულ, იქიდან წამოსვლამდე, ვებღაუჭებოდი იმ იმედს, რომ იქნებ ვინმე ტყეში იყო თავშეფარებული.
სანამ ჩავიდოდი, ძალიან უსუსურად ვგრძნობდი თავს. თან სულ მესმოდა ჩემი იქ მყოფი ნაცნობებისგან, რომ მაშველები დიდს ვერაფერს აკეთებდნენ. რეალურად, პირველმა ორმა დღემ რაჭველი ბიჭების მხრებზე გადაიარა – გაკვალვა მათ დაიწყეს და მათ შეიყვანეს ეს ძებნის პროცესი მუშა ფორმაში. რაც მესმის ამ პირველ დღეებზე, ძირითადად არის უარყოფითი კომენტარები ხელისუფლების მიმართ. იმ “ბახილებიან კაცზე” ლაპარაკი აღარც მინდა, შეიძლება ჩამოატყავონ, ვინმემ რომ დაინახოს იქ კიდევ ერთხელ მისული”, – ამბობს მათე.
სტიქიის ზონაში დღესაც ეძებენ 7 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს. გუშინ, 15 აგვისტოს, დაკრძალეს მათეს თანასოფლელები, სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი. სოფო მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა. მის 4 წლის შვილს ჯერაც ჰგონია, რომ დედა სამუშაოზეა.
სოფოს ცხედარი, როგორც მათე ამბობს, პირველივე დღეს იპოვეს, მაგრამ მის ამოცნობას დღეები დასჭირდა. სოფო თავის მეზობელ გენადი სულთანიშვილთან ერთად გაასვენეს.
გენადი შოვის სასტუმროში მზარეულად მუშაობდა, იყო ანსამბლ “ბუბის” წევრი და მუსიკის მასწავლებელი. მათეს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ გენადი სულთანიშვილი თავის სახლთან ახლოს, მდინარე ჭანჭახის ნაპირას იპოვეს.
მძიმედ დაზიანებული სხეულის ფრაგმენტებს მაშველები ამ ადგილას მომდევნო დღეებშიც პოულობდნენ და დნმ-ით ადგენდნენ, ვის ეკუთვნოდა ცალკე ნაპოვნი კიდურები. ამიტომაც დასჭირდა თითქმის ორი კვირა სტიქიის მსხვერპლების დაკრძალვას.
მათე იცნობდა სტიქიის სხვა მსხვერპლებსაც – 3 გოგოს მანქანით, რომელსაც ჰქონდა სტიკერი, “შევხვდებით რაჭაში” და გუტაშვილების ოჯახს, საიდანაც სტიქიამ 9 ადამიანი შეიწირა. მათ ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.
“არავის არ ახსოვს გლოლაში ასეთი სამარისებური სიჩუმე. ვიღაცას მოასვენებენ და მაშინ იწყება საშინელება. ადამიანები დადიან ორ-ორ პანაშვიდზე და გასვენებაზე. ყველგან ისმის სიკვდილი. ჩვენი თაობისთვის არ მგონია, შოვი, სულ რომ შვეიცარიას დაამსგავსონ, ისევ ის გახდეს, რაც [აქამდე] იყო. ლამის ყოველღამე ვარსკვლავების საყურებლად ავდიოდით ხოლმე. ახლა სასაფლაოზე ვინ ავა ვარსკვლავების საყურებლად”, – ამბობს მათე და ცდილობს აგვიხსნას, რას ჰგავს ახლა სტიქიის ზონა და როგორ აგრძელებენ იქ ადამიანები ცხოვრებას.
“ტალახის უდაბნოა, გაქვავებული. ადამიანები ისე ლაპარაკობენ სიკვდილზე, დასახიჩრებულ ცხედრებზე და სხეულის ნაწილების პოვნაზე, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და გიყურებენ ჩამქრალი თვალებით. გგონია, რომ მათი ცხოვრება აქ და ამ წამს, გაჩერებულია.
ეს ბიჭები იმ ადამიანებს ხედავდნენ მიწაში ჩაფლულებს, ვისთან ერთადაც გაიზარდნენ, ვისთან ერთადაც ცხოვრობდნენ და მიდი ახლა და უთხარი, რომ რამე შეამსუბუქებს მათ გლოვას”.
მათე და სხვა მოხალისეები “დღვიორის ბანაკიდან” დახმარებას სთავაზობდნენ ყველას, ვინ ადგილზე მუშაობდა – პოლიციელებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, ადგილობრივებს.
“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პოლიციელის მანქანასთან მივიდოდი სნიკერსის დიდი ყუთით – და ისიც მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ამას არ ვაკეთებდით იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ არ აჭმევდა. ჩვენ გვინდოდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ გამხნევებულები, საბრძოლო განწყობაზე და ის ტკივილი, რაც გვაერთიანებდა, რაღაცნაირად შეგვემსუბუქებინა, რომ ეპოვათ ძალა, რაც ჭირდებოდა დაკარგული ადამიანების ძებნას ტალახში და მიწაში”, – ამბობს მათე და ჰყვება, რომ ბანაკის მუშაობა მარტივი არ იყო.
მოხალისეები არ უნდა აჰყოლოდნენ მათი დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ხმებს, რომ მათი მიზანი სახელმწიფოს ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება იყო, რომ პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ატარებდნენ. მათ უნდა ეზრუნათ უსაფრთხოებაზე და დაეცვათ ყველა ის მოთხოვნა, რაც სახელმწიფო უწყებებმა დაუწესეს.
“როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი…აღმოჩნდა, რომ ეს წესი ყველასთვის მოქმედებდა და მოქმედებდა მკაცრად” – გვიყვება მათე. სტიქიის ზონაში 4 აგვისტოდან სახელმწიფო უწყებები ზღუდავდნენ და მკაცრად აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მოხალისეების საქმიანობას, არამედ იმ ინფორმაციასაც, რაც შეიძლება იქიდან მედიას და მოქალაქეებს გამოეტანათ. შოვთან მიახლოება მხოლოდ შემოვლითი გზებით და არალეგალურად იყო შესაძლებელი, პოლიცია დღვიორას ხიდის იქით გადაადგილების და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა მედიას. იყო შემთხვევები, როცა მაგალითად “მთის ამბების” ჟურნალისტები ამ ადგილამდეც კი არ მიუშვეს კამერებით და აპარატურით.
“იქ ყოფნისას ორჯერ სრულად გაითიშა ტელეფონის სიგნალი. ერთხელ შს მინისტრი რომ იყო ჩამოსული პირველად მაშინ და მეორედ არ მახსოვს, ვინმე იყო ჩამოსული თუ რამე სხვა ხდებოდა.
სოფო ბაკურაძის სამძიმარზე რომ ჩავედი და ვნახე ის ადამიანები, ვინც პირველ დღეებში სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს ასრულებდნენ, რაღაცნაირად განაწყენებულებმა მითხრეს: მაგათ ემსახურებით, მაგათ უმზადებთ საჭმელს, 50 ადამიანი მუშაობს 400 თუ 500 კაციდან და ჩვენ სანამ არ გავედით მდინარის მეორე მხარეს, იდგნენ და უყურებდნენ, ისე ეშინოდათო.
მე როგორც ვიცი, პირველ ორ დღეს ადგილობრივების მუშაობის, ძებნის და ძიების წილი იყო აბსოლუტური, ალბათ, 90% და სამაშველო სამსახურის – 10%. რაღაცნაირად სპეკულირებენ იმით, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ მაშველებს, მაგრამ ჩვენ მაშველებს არ ვაკრიტიკებთ, ვერავინ ვერ გაიქცევა სტიქიის ზონაში, თუ ხელმძღვანელები არ მისცემენ ბრძანებას.
პირველი ორი დღის განმავლობაში იპოვეს ყველაზე მეტი ცხედარი ზუსტად იმიტომ, რომ ადგილობრივები ეძებდნენ გარდაცვლილებს. თუ დააკვირდებით, მომდევნო დღეებში თითო-ორ ცხედარს პოულობენ. ადგილობრივები ბევრად კარგად იცნობენ იქაურობას და მოტივაციაც მეტი ქონდათ, დები და ძმები ყავდათ დაკარგული იმ ადგილას. 17 წლის ბიჭი მეუბნებოდა, ხელებს რომ ვიბან, მგონია, ცხედრის ნაშთები არ ჩამომდისო”, – გვიყვება მათე და ცდილობს ახსნას, რომ უსამართლოა, როცა იქაურების საქმეს და სიტყვას პოლიტიკურ სარჩულს აკერებენ.
“არც კი იციან, ვინ არის პრემიერ-მინისტრი. [ისინი, ვინც პირველი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ] პირდაპირ ამბობენ, რომ დაიგვიანეს. არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ “დაიგვიანეს” მიღმა არ არსებობს. ადამიანს რომ უყურებ და კანკალებს საუბრის დროს და აღარ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილას, სადაც საშინელებები ნახა, ვერ ვხვდები საერთოდ, რას ნიშნავს მის ნალაპარაკევში პოლიტიკური სარჩული.”
მათე ამბობს, რომ ტრაგედიის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ სტიქიის ზონაში მუშაობა ამ დღეებში ყველასთვის მძიმე იყო – პოლიციისთვის, მაშველებისთვის, ჯარისკაცებისთვის. მძიმე იყო ტრაგედიის მშვიდად და უმტკივნეულოდ გადატანა.
“არასოდეს არ წარმომედგინა, რომ პოლიციელებს გამამხნევებელ სიტყვებს ვეტყოდი. იქ დავინახე პირველად ადამიანი პოლიციელი, რომელიც ფორმის მიღმა ჩვენსავით დარდობს, ემოციებს ვერ უმკლავდება – 3 წლის ბავშვი რომ იპოვეს შლამში, იმ დღეს ყველაზე ცხადი იყო, რომ მათაც ძალიან უჭირდათ მორალურად იქ ყოფნა”, – ამბობს მათე ბაღაშვილი, რომელიც ორი დღეა, რაც თბილისში დაბრუნდა.
წყარო: radiotavisupleba.ge