მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტიქიისას გადარჩენილებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, უამრავი ვიდეო გავრცელდა და უამრავი პოსტი დაიწერა სოციალურ ქსელში.
მოქალაქეები ავრცელებენ კადრებს, თუ რა რთულ ვითარებაში უწევდათ იქ მყოფებს ღვარცოფიდან თავის დაღწევა. მათ შორის დავით ჯელაძეს, რომელმაც დისშვილი გადაარჩინა.
მოქალაქე ლია ბელაშვილი სწორედ იმ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ რა გზა გაიარა ჯელაძემ ტალახში, რათა დიშვილი სამშვიდობოს გამოეყვანა და სხვებსაც დახმარებოდა. ასევე საუბარია კიდევ ერთ პირზე, შალვა ბელაშვილზე, რომელიც ჯელაძეს დაეხმარა.
“აი ვიდეო, სადაც ჯელაძეს მოჰყავს დისშვილი, უფალს დიდება, რომ გადარჩნენ, მას მიეშველა და საკმაო გზა გაიარა ტალახში შალვა ბელაშვილმა, ის არის გმირი, სიცოცხლე დადო სასწორზე, იმ დროს როცა ტალახის მოდინება ისევ იყო, ათასი მადლობა შალვას შენნაირ ადამიანებზე დგას ქვეყანა” – წერს მოქალაქე.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ, არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.
“მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
წყარო: ambebi.ge