,,ჩემს თვალწინ, შოვში, მამაკაცის ხელი იპოვეს, დანარჩენი ნაწილი არ უპოვიათ, არეულია ერთმანეთში ადამიანი და მიწა. ამგვარი არ მინახავს, არც წარმომედგინა, რომ ასე შეიძლება დაიგლიჯოს ადამიანი მეწყერში და ასე ნაწილ-ნაწილ გახდეს საპოვნელი”, – ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით ხელისუფლებამ საკუთარი ხალხისთვის, საფრთხის თავიდან ასარიდებლად თანხები ვერ გაიმეტა, რომ მსგავსი შემთხვევების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
,,ამ ფონზე კიდევ მოიცალეს რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ დაებრალებინათ ოპონენტებისტვის, ჟურნალისტებისთვის და ამბობენ გავერთიანდეთ, ვისთან გვაერთიანდეთ? – იმ რეჟიმთან, რომელსაც ქვეყანა ოკუპანტზე აქვს გაყიდული? იმასაც კი არ აკეთებს, რომ ადამიანები, ვინც აქ დარჩნენ უსაფრთხოდ იყვნენ.
ვერ გაიმეტეს ფული, რომ დაემონტაჟებინათ მონიტორინგის აპარატურა, ამათ მონიტორინგი დაწესებული აქვთ თავიანთ მოგებაზე. პირადად კი არ უნდა მოეკლა ბიძინა ივანიშვილს ის ხალხი, ვინც იქ დაიხოცა, არამედ თავისი პოლიტიკით, იმით, რომ სახელმწიფო იყიდა, მოშალა უსაფრთხოების სისტემა და მთელი ქვეყანა ბიზნესინტერესების მომსახურე კანტორად გადააქცია, ამ სიტუაციას მოჰყვა მსხვერპლი შოვში, ვერის ხეობაში, აღნიშნული გახდა დევდორაკის ტრაგედიის მიზეზი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
