თბილისში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. დედაქალაქის ქუჩებში ხალხის რაოდენობამ იკლო, მათ სკვერებში – შადრევნებისკენ გადაინაცვლეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის თანახმად, ამ კვირაში, აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 41 გრადუს ცელსიუს მიაღწევს.
საქართველოში, რომ თბური ტალღაა მოსალოდნელი – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, და +39 გრადუს მიაღწიოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +39 -სა და +41 გრადუსს.
ჩვეული ხალხმრავლობა და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა – ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზეა დასავლეთ საქართველოშიც. სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობის პროცესებს გააქტიურებს.
მაღალი ტემპერატურის დროს, მოსალოდნელი ორგანიზმის გაუწყლოების, გამოფიტვის ან დამწვრობის თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ტემპერატურის კლება საქართველოში 22 აგვისტოდანაა მოსალოდნელი. მანამდე კი, სპეციალისტები მოსახლეობას, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გრილ ადგილას ყოფნას, სითხის მიღებას და ფიზიკური აქტივობის შემცირებას ურჩევენ.