შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს.
შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მაშველებმა უკვე იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.
“დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა. დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად, არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“,-განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
წყარო: ambebi.ge