არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
არგანაშვილის თქმით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (Naec) აბიტურიენტს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უთხრა უარი.
„დღეს, ჩემს მეხსიერებაში, პირველად თქვა სახელმწიფო ორგანომ სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებაზე უარი.
ნაეკმა აბიტურიენტს მიწერა რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას – მიზეზი სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი, სასამართლოს გადაწყვვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას რომ არ აღსრულდეს.
რატომ აღასრულოს სხვამ გადაწყვეტილება თუ თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა? ძალიან სერიოზულ სამართლებრივი კრიზისის დასაწყისია ეს.
მალე ჩვენს ოფიციალურ განცხადებას შემოგთავაზებთ. მედიას თუ დაგჭირდათ, დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – აღნიშნულია პოსტში.
ამასთან, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სოციალურ ქსელში აღნიშნული საკითხის დეტალებზე წერს:
„ სსიპ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” უარს აცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
როგორც ცნობილია, ა(ა)ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.
28 ივლისს, მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით.
02 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. თუმცა 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმიური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას.
მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა“, – ვკითხულობთ ორგანინაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.