ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი გადაცემა “პირადი ექიმს” ესტუმრა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად, განიხილა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე გამოიმუშაონ ნებისყოფა და გაწერილი გეგმის მიხედვით ყოველდღიურობის წარმართვა შეძლონ.
“ბავშვმა საქმე ხვალისთვის არასდროს არ უნდა გადადოს. ჩემი აზრით, “ხვალ” დაგვიანებული ტერმინია. ხვალისთვის კი არა, ერთი საათით არ უნდა გადადოს. მეორე უკიდურესობაც არსებობს, მშობლები ეუბნებიან: “მოდი, დღეს ეს ერთდროულად გააკეთე და 3 დღე თავისუფალი იქნები.” ძალიან ცუდი მიდგომაა. გრაფიკი უნდა არსებობდეს გეგმის მიხედვით, რომ მის ცხოვრებაში ყველა წუთი და წამი იყოს გათვლილი. დასვენების დროც გათვლილი და ჩანაცვლებული და ნებისმიერი სხვა დროც. არ შეიძლება, ბავშვი ყოველდღიურად ერთსა და იმავე რუტინას აკეთებდეს. მაგალითად, ყოველდღიურად მათემატიკის 5 მაგალითს გამოიყვანს? – არ არის სწორი. ან შეუცვალეთ, ან მეექვსეც დაუმატეთ. ნებისყოფის განვითარება მეტ წვრთნას ნიშნავს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ბავშვი სპარტანულად უნდა აღვზარდოთ. დემოკრატიული აღზრდის მეთოდის მომხრე ვარ, მაგრამ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა აღიარებს, რომ ადამიანმა ნებისყოფა უნდა გამოიმუშაოს და განავითაროს. სხვაგვარად ვერ მოხდება.” – განაცხადა მენაბდიშვილმა