ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოცილების უსაფრთხო და საკმაოდ სწრაფი საშუალებაა. აღნიშნული მეთოდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით გამოიყენება: ალექსანდრიტის, დიოდის, ნეოდიმის ლაზერები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ტალღის სიგრძითა და მშთანთქმელი ქრომოფორით. ცალსახად იმის თქმა, თუ რომელი ლაზერია ეფექტური, საკმაოდ რთულია, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თითოეულს სჭირდება კონკრეტულად მასზე მორგებული მკურნალობის გეგმა. გასათვალისწინებელია კანის ფოტოტიპი, თმის ტიპი, ფერი, სტრუქტურა, მათ შორის თმის ღერის სისქე, ჩაუტარებია თუ არა აქამდე ლაზერული პროცედურები. როგორი შედეგი ჰქონდა და სხვა მრავალი ფაქტორი.
– ვისთვის არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაცია და რამდენად გამართლებულია მისი გამოყენება მოზარდებში?
– ლაზერული ეპილაცია დასაშვებია ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად სქესისა. ვაჟებისათვის რეკომენდებული ასაკია 14-15 წელი. გოგონების შემთხვევაში – მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 წლის შემდგომ. უკუჩვენებებია: ორსულობა, ლაქტაცია, სიმსივნური დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, შეფარდებითი უკუჩვენებაა უახლოეს დროში ჩატარებული პილინგი, დერმაბრაზი, შემავსებლები და სხვა.
– რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ლაზერულ ეპილაციას?
– ლაზერული ეპილაციის განვითარება ბოლო ათწლეულებს ითვლის და აღნიშნული პერიოდის მანძილზე ჩატარებული რანდომიზირებული გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღნიშნულა.
– შესაძლებელია თუ არა ლაზერული ეპილაციით თმის საბოლოოდ გაქრობა?
– როგორც ვიცით, თმა ჩვენი ბუნებრივი საფარველია. ადამიანებში კოდირებული გენი განსაზღვრავს, რა რაოდენობის თმა უნდა გვქონდეს. ლაზერული ეპილაციით გენეტიკური კოდის ცვლილება არ ხდება, ჩვენ თმის ბოლქვი გადაგვყავს მთვლემარე პოზიციაში, რომლის გარკველი პროცენტული წილი წლების შემდგომ კვლავ აქტივირდება და საჭიროებს განმეორებით მკურნალობას.
– რამდენად ეფექტურია ლაზერული ეპილაცია ჭარბთმიანობის დროს?
– ჭარბთმიანობის უამრავი მიზეზი არსებობს: ორსულობა, სტრესი, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გინეკოლოგიური დარღვევები, გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტი და სხვა.ლაზერული ეპილაცია სასურველ შედეგს გვაძლევს იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურები ძირითადი დაავადების მკურნალობასთან თანხვედრაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტი დროებითი იქნება.
– რა შემთხვევაში არ არის ეფექტური ლაზერული ეპილაცია?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ჰორმონალური დისბალანსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ. საკმაოდ არაპროგნოზირებადია შედეგები 12-18 წლამდე ასაკის პირებში. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიზიტების რაოდენობა და პროცედურებს შორის ინტერვალი
წყარო: ბომონდი