როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით ამბობს, ზაფხულის შუა თვის, ივლისის პირველი დღეები ერთგვარი ცვლილებების მომტანია, თან, პოზიტიურის. მთავარია, სწორედ ამ პერიოდში დაგეგმოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ და მსჯელობთ. ბატონი მიხეილის თქმით, ზოგადად, ივლისის თვე, გაცილებით პოზიტიური მოვლენების მომტანია, ვიდრე გასული თვეები იყო.
– ბატონო მიხეილ, იქნებ გაგვიმხილოთ, რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები, რას უნდა ველოდოთ და რისთვის ვიყოთ მზად ზაფხულის შუა პერიოდში, ანუ ივლისის თვეში?
– პირველი კვირა ივლისში ყველაზე სასიკეთო და ნაყოფიერი აღმოჩნდება. ეს პოზიტიური ცვლილებების დროა, რადგან დედამიწა დაიწყებს თავისი ენერგეტიკული ფონის აღდგენას. ამიტომ, სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, შეხვედრა, ღონისძიება, მათ შორის, ქორწილებიც, სწორედ ამ პერიოდისთვის დაინიშნოს. ამ დროს ადამიანებიც მეტად ქმედითუნარიანები, თავდაჯერებულები და ხალისიანები გახდებიან, გაუჩნდებათ ახალი წამოწყებებისა და საქმის კეთების, თამამი ნაბიჯების გადადგმის სურვილი.
– ასეთი პოზიტიური ტენდენციები, მხოლოდ თვის დასაწყისშია მოსალოდნელი თუ მერეც გაგრძელდება?
– ასეთი პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება მანამ, სანამ პლანეტა ვენერა ასტროლოგიურად მოგებიან პოზიციას შეინარჩუნებს, ანუ 23 ივლისამდე. სწორედ ამ დღეს ის კირჩხიბის ზოდიაქოდან ლომში გადაინაცვლებს, რაც ხელს შეუშლის ზოგიერთი გეგმის განხორციელებას, გაურკვევლობას შემოიტანს სამუშაო საკითხებსა და საოჯახო-სასიყვარულო ურთიერთობებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 11 ივლისს პლანეტა მერკურიც დატოვებს კირჩხიბის ზოდიაქოს და გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში, რამაც შეიძლება, შექმნას პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, საქმიან პარტნიორებთან ან კოლეგებთან ურთიერთობებში. გარდა ამისა, მთვარის აღმავალი კვანძი (რახუ) 12 ივლისს კუროს ზოდიაქოდან გადავა ვერძში, რაც დაამძიმებს დედამიწის ენერგეტიკულ ფონს. ჯამურად კი, ყველა ეს ენერგეტიკული ვიბრაცია თავის არასასიკეთო ეფექტს 22 ივლისამდე შეინარჩუნებს.
– იმედია, ამის შემდეგ კოსმოსიდან კვლავ წამოვა პოზიტიური ენერგიების ნაკადი;
– მხოლოდ 22 რიცხვის შემდგომ, როდესაც მზე ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და დედამიწის ბიოსფერო მეტად პოზიტიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
– რა სასიამოვნო ცვლილებების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ ამ დროს?
– ამ დროს გამოჩნდება ივლისის თვის განმავლობაში წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად დარეგულირების საშუალებები. გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, გამყარდება კულტურული კავშირები სხვადასხვა ქვეყანასთან. 29 ივლისს პლანეტები მერკური და მარსი შეაბიჯებენ ქალწულის ზოდიაქოში, რის შემდგომ დასრულდება მათი დაპირისპირება პლანეტა სატურნთან. ასეთი მშვიდი ასტროლოგიური გარემო გააძლიერებს შემოქმედებითი თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის, ახალი საქმის დაწყების სურვილს. შესაძლებელი გახდება ძველი პარტნიორული ურთიერთობების აღდგენაც. მაგრამ პლანეტების, მარსისა და მერკურის კავშირი ქალწულის ზოდიაქოში ზრდის კანონმდებლობასთან კონფლიქტის ალბათობას, ამიტომ აუცილებელია თავშეკავება, მეტი სიფრთხილე და ყურადღება, განსაკუთრებით საქმეებში, რომლებიც კომერციას ან ბიზნესს უკავშირდება.
წყარო: თბილისელები