“ქუთაისის N3-ე სამუსიკო სკოლის დირექტორმა, სკოლას როიალის სკამი აჩუქა” – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნულს ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე ეხმაურება, სადაც წერს, რომ დროა, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.
“მოკლედ გუშინ ძალიან ვიცინეთ როიალის სკამზე და ახლა მგონი დროა, სიმართლეც ვიცოდეთ.
ფოტო, რომელიც გუშინ გავრცელდა, სადაც საყვალად უყურებს როიალის სკამს მუსიკალური სკოლის დირექტორი, სინამდვილეში ასე არ იყო. ამ დროს ახალგაზრდა დირექტორი კონცერტს ხსნის და პატარა მუსიკოსებს წარუდგენს საზოგადოებას. იქვე ამბობს, რომ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო და საოფისე სკამის ნაცვლად მათ როიალთან პროფესიონალისთვის განკუთვნილი სკამი დახვდათ (რომელიც ძალიან ძნელად იშოვება და ძვირიც ღირს სხვათაშორის). ეს იყო და ეს და არა ახალი სკამის პრეზენტაცია, როგორც გაშუქდა.
ისე, ეს ის გიორგი სტურუაა, რომელიც ევროპის სამ ქვეყანაში მღერის პარალელურად კონტრაქტით. ახალგაზრდა კაცს გუშინ ყველა ენთუზიაზმი ჩაუკლეს, გადაუარეს. ვერ ხვდება თვითონაც რა “დააშავა”. ბავშვების გახარება უნდოდა, სხვა “დანაშაული” მას არ ჩაუდენია”, – წერს ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.