საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და ზრახვებს ავლენს. საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტული პოსტით ეხმაურება:
“რაღაც არ ჩანდა ამ ბოლო დროს, ვდარდობდი და აი, ისიც. ჩემი ამუნია კვლავ გამოჩნდა და ერი დამოძღვრა. არა ბიჭო რა!!! ჩემი ბრუს ლი.. აი, ეს დაამთავრებს ნაციონალებს. ამუნიაა ნაცებთან მებრძოლი მთავარი რაინდი, ისეთი ვნებებით საუბრობს მათზე”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას, მათ შორის საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს მოუწოდა, უარი თქვან „ქართულ ოცნებაზე“.