პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ მისი საერთაშორისო სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება გამოადგება, თანადგომისთვის მზად არის.
“აი, მარადონა რომ ჰყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას. ხალხნო, ჩვენ გვყავს ნონა!!! ნონა!!! ცოცხალი მსოფლიო ლეგენდა. ჩემი მხარდაჭერა ნონა გაფრინდაშვილს. თუ რამეში გამოადგება ჩემი საერთაშორისო სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება, მზად ვარ. დიდება დედოფალს,” – წერს ანა დოლიაძე “ფეისბუქის” გვერდზე.
ცნობისთვის, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ უჩივლა. საქმე ეხება მინისერიალ “The Queen’s Gambit – „ლაზიერის გამბიტს“.
სარჩელის თანახმად, სერიალის ერთ-ერთ დასკვნით ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა.
ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი ამბობს:
“ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც (მოთამაშეებს)”.
კალიფორნიის შტატის სასამართლოში ნონა გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა. სარჩელში აღნიშნულია, რომ “მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც (მოთამაშეებს) აშკარა სიცრუეა, ასევე, უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული მინიმუმ 59 მამაკაცთან, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ „ნეთფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.
“ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა “გაეზარდა დრამა” და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”, – ნათქვამია აღნიშნულ სარჩელში.
ამასთან, სარჩელის თანახმად, „ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე რუსეთის აგრესიას ებრძვის.
ნონა გაფრინდაშვილი, კომპენსაციის სახით, $5 მილიონს ითხოვს. მას ასევე სურს, ჩაიხსნას რეპლიკა, თითქოს ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს.
აღნიშნულ სარჩელს უკვე უპასუხა “ნეთფქლისმა”. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.
„ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.