ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეში გამოძიებას ორი ოქროს მოწმე ჰყავს. იუბილარის დედა და და. სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე დადგინდა ბევრი რამ ამ გახმაურებულ საქმეზე.
მირიან კუკავას მკვლელობის საქმის დეტალებზე ,,ტვ პირველმა” საბედისწერო დაბადების დღის მასპინძელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუში სოფო ჩოხელი იხსენებს ტრაგიკული ღამის დეტალებს. კიდევ ერთი ოქროს მოწმე იუბილარის დაა. სწორედ ის შეესწრო უკვე ეზოს გარეთ მირიან კუკავასა და დავით ჯიჯეიშვილის ჩხუბს, რა დროსაც ჯიჯეიშვილმა თანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა.
„აივნიდან გადავიხედე და ბავშვები ხმამაღლა საუბრობდნენ. კამათი და ხმამაღალი საუბარი როცა იყო, პირველად მაშინ განვახორციელე ზარი 112-ში. სანამ ბავშვები ხელის გარტყმაზე გავიდოდნენ და ჩხუბი ატყდებოდა ეზოში” – იხსენებს სოფო ჩოხელი ინტერვიუში.
საქმეში არსებული მასალებით, იუბილარის და მირიან კუკავასა და ბრალდებულ დავით ჯეჯეიშვილის ჩხუბს შეესწრო.
„როდესაც გავედი ჭიშკრის გარეთ, ქუჩაში, დავინახე, რომ ერთმანეთში ჩხუბობდა წვეულების მხოლოდ ორი წევრი ჩვენი სტუმრებიდან – მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი. ჩხუბში ვგულისხმობ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართულებით იქნევდნენ ხელებს და იგინებოდნენ. დავიწყე მათი გაშველება. ამ ჯაჯგურიდან გამომდინარე, ისევ წავიქეცი. არ დამინახავს, რომელიმეს ხელში ეჭირა თუ არა რაიმე საგანი. როდესაც ავდექი, მირიან კუკავა ეგდო ძირს, ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი” – იხსენებს იუბილარის და, ნანა არაბული.