შავ ზღვაში რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტანკერს Midvolga 2-ს რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, როდესაც მას თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით თავს დაესხნენ.
„გემის ეკიპაჟის 13 წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და ისინი დახმარებას არ ითხოვენ. გემი ჩართული ძრავით სინოპისკენ მიდის“, – აცხადებს თურქეთის უწყება.
ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალ ტანკერებს, Kairos-სა და Virat-ს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონებით დაარტყეს.
