„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს.
ირაკლის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყო, მას 2006 წელს C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს.
„მაშინ ეს დაავადება უცნობი იყო. ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ C ჰეპატიტის სირთულის გამო მაქვს დარჩენილი 3-დან 6 თვემდე. მძიმე მოსასმენი იყო. მერე მივედით ელზა ვაშაკიძესთან და მისი პასუხი იყო, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მართვადი. მაქვს ეჭვი, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში დავინფიცირდი.
ავადმყოფობის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომი არ გაქვს. რომ არ დაწყებულიყო რუტინული კვლევა, C ჰეპატიტი განაგრძობდა განვითარებას.
52 ნემსი გავიკეთე, 1 წელი გაგრძელდა. ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ნემსს მოჰყვებოდა თავისი ანოტაცია. იწვევს მძიმე ქიმიურ დეპრესიას, რასაც მოსდევს თვითმკვლელობის მცდელობები, ხოლო შემდეგ აბზაცში წერია, რომ იყო თვითმკვლელობის ფაქტები.
ჩავთვალე, რომ მე არ უნდა გამომეყენებინა ანტიდეპრესანტები, რასაც მოჰყვა უმძიმესი ქიმიური დეპრესია, ამ სიმძიმეს თან დაერთო, რომ მე ჩემი ადგილის დამკვიდრებას ვცდილობდი ლონდონში, ერთ-ერთი მედიაკომპანიაში.
ლონდონში ცხოვრობს ელისაბედ ჩაჩხიანი, რომელმაც შეგვიფარა. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი. საუკეთესო სოკოს სუპს აკეთებდა, გემო მქონდა დაკარგული, მახსოვდა მისი გემო. ამ წვნიანის ჭამის დროს ვნახე, როგორ დამეწყო თმის ცვენა. სხვები უფრო ისტრესებოდნენ, ვიდრე მე. 52 ნემსით მკურნალობა დასრულდა 0 შედეგით. მიხარია, რომ იმ პრეპარატით მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, საუკეთესოა, რაც კი მსოფლიოში არსებობს,”- აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.
წყარო: პრაიმტაიმი