სწრაფი კვების რესტორანი „ენდორფინი“ მესამე ფილიალს ვერ ხსნის. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი კადრების დეფიციტია. როგორც bm.ge-სთან „ენდორფინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა მარგიშვილი ჰყვება, ახალი ობიექტისთვის უკვე სამი თვეა დიღომში ფართი იქირავეს, თუმცა ამ დრომდე კადრების მობილიზება ვერ ხერხდება.
ის იხსენებს, რომ სწრაფი კვების რესტორანმა მეორე ფილიალი, დაახლოებით, ერთი წლის წინ გახსნა და მაშინ ბაზარზე მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა.
“ენდორფინის“ თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ახალი ობიექტისთვის 30 თანამშრომელი სჭირდებათ.
“3 თვეა ფილიალის დასამატებლად ფართი დავიქირავეთ დიღომში და დღეში 75 ლარად მცხობელებს ვერ ვნახულობთ, ვერც პიცის და ვერც ხაჭაპურის. ვაკანსია გვაქვს 3 თვეა, 10 სამუშაო საათი დღე. სწავლა უფასოა და ვასწავლით ჩვენ, ვინც არ იცის! სად გარბის ეს ხალხი და რატომ? სამსახური არაა ჩემს ქვეყანაში და ჩამოვედი აქ და მარჩინეთო? ჰგონიათ, ვინმე ფულს აჩუქებს? 1000€ არის საშუალო ხელფასი რეზიდენტებისათვის ესპანეთში და უსაბუთოდ 500-600 ევროს თუ მოგცემენ და ქირაში არ გეყოფათ, ცხოვრება 4-5-ჯერ ძვირია და ხელფასი თითქმის იგივე, რაც ჩვენთან და ვერ გავიგე, რატომ გარბიან და ბარდებიან? მიზეზად რას ეუბნებიან, რატომ ჩამოვედითო? ევროპაში გაზი ღირს 2000€ (ჩვენთან 120$), დენი ოთხჯერ ძვირი, კონდიციონერს არ რთავს თავად ესპანელების 50%-იც კი იმის გამო, რომ კომუნალურებს ვერ აუვლენ და იქ ჩასული ჩვენი მოქალაქეების 90% ვერც კონდიციონერს რთავს და ჩქარ-ჩქარა ბანაობს, რომ ბევრი დენი და გაზი არ დაწვას! სასწრაფო რომ გამოიძახო, არ მოვა, თუ არ მოგკლეს, თავად უნდა მიხვიდე. პირველი, რასაც გკითხავენ: “როგორ იხდი”, დაზღვევა (რომელიც ძალიან ძვირია) ან ქეში და მერე მოგხედავენ! საწვავი ევროპაში ისეთი ძვირია, თავად ევროპელებიც კი ფეხით დადიან სამსახურში! ა, ჯანსაღი წესი? – ოქეი! რატომ არ მუშაობთ აქ?(შეკითხვა წამსვლელებს ეხებათ)?” – წერს სწრაფი კვების ობიექტი სოციალურ ქსელში.
“ენდორფინის” დამფუძნებლის ინფორმაციითვე, კომპანიაში საათობრივი ანაზღაურებაა. კერძოდ, ბარმენის, მიმტანის, მოლარის და დიასახლისის ანაზღაურება საათში 6.25 ლარია, ხოლო მცხობელის კი – 7.05 ლარი.
ინფორმაციისთვის: ამჟამად „ენდორფინს“ ორი ფილიალი აქვს და 60-ამდე ადამიანს ასაქმებს.
წყარო: bm.ge