სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით კიდევ ერთი ადამიანი დაავადდა. ამჯერად შემთხვევა ადიგენის სოფელ ბოლაჯურში დაფიქსირდა. – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის განცხადებით, ყირიმ–კონგო 1979 წელს დაბადებულ ქალს გამოუვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დადასტურებული 28 შემთხვევა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: 13 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 9 ადიგენში, 6 ასპინძაში.
“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით ბოლო ოთხ წელში ყირიმ–კონგოს დაავადებით რეგიონში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი, შემთხვევა მიმდინარე წელს დაფიქსირდა.
ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.
ყირიმ-კონგოს დაავადებისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას. ადამიანებში დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.
მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.