რეჟისორ რობერტ სტურუას გამოსათხოვარი წერილი პოეტ რეზო ამაშუკელს:
“აქაც მაჯობე, ძვირფასო რეზო! აქაც დამასწარი! როგორც ყოველთვის!
იქნებ, რაინდი პოეტი გზას მიკვალავს! დიდო მგოსანო, მე მინდოდა, მაგრამ დავაგვიანე,
მაპატიე! სანამ სული მიდგას შენ სამყაროში ვინავარდებ. მერე კი ერთად გავაგრძელოთ!
მომიმზადე ერთი ადგილი ბენუარში, შენ რომ გიყვარდა ჯდომა!! ღამურებს კი აღმოსავლეთში მოუვლიან!
აბა, შეხვედრამდე!”, – წერს სტურუა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
გუშინ, 10 იანვარს, 85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
რეზო ამაშუკელის ლექსები და პოემები 1957 წლიდან იბეჭდება. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რეზო ამაშუკელი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეც იყო 1993 წელს. ის თბილისის საპატიო მოქალაქე იყო და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გარდა ამისა, რეზო ამაშუკელი იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი.
https://mix.metronome.ge/25167-2/