“არჩევნებით უნდა შევცვალოთ ამბობს პარტია, რომელსაც ჰქონდა 15 % – იანი მხარდაჭერა, ბევრი ფული, სატელევიზიო მხარდაჭერა და ეხლა ბოლო არჩევნებზე აიღო 1%! მაგრად არ ჰკიდიათ ასეთებს ვინ იქნება ხელისუფლებაში?!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე წერს.
აღნიშნულ შეფასებას, “ტაბულა”-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე ეხმაურება:
“ვინმემ აუხსნას ამ სააკაშვილის ფონის დეკორაციას, რომ საერთოდ არავინ უშლის ხელს სააკაშვილს და მის ორნამენტებს რევოლუციები აწყონ.
ასევე ჩემგან დავამატებ, რომ ყველა უპრინციპო და უსახური, ვის გამოც ევროპულმა საქართველომ რეიტინგი დაკარგა, უკან შეუძვრა სააკაშვილს და გულით ვულოცავ ამ ძვირფას შენაძენს”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩერგოლეიშვილს მუმლაძე ამავე პოსტის კომენტარებში უპასუხა:
“მარტივი სიმართლეა, პლუს ძალიან გგულშემატკივრობდით ყოველთვის. სანამ გამოეყოფოდით და მერეც, უბრალოდ ამხელა მხარდაჭერის და რესურსის ფონზე, მინიმუმ ათჯერ როგორ უნდა შეიმცირო მხარდაჭერა ნამდვილად აუხსნელი ამბავია. დასკვნა ესეთია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიზანი არ გაქვს უბრალოდ.”, – დაწერა მან, რაზეც ჟურნალისტმა მიუგო: – ” გიორგი მაგრად გვკიდია შენი გულშემატკივრობა. ზოგადად – დეკორაციებს პატივს არ ვცემთ.”
გიორგი მუმლაძე: – “არ უნდა გეკიდოთ, ჰო, დეკორაციებს დრო აჩენს ვინ სად და როგორ, მაგის დაბრალებაც კი უხერხულია ადამიანზე, რომელსაც არანაირი ბენეფიტი არ მიუღია არასდროს და არც აპირებს, რომ მიიღოს იმ ბრძოლით, რომელშიცაა… ჩემი მიზანი რუსი ოლიგარქის დამარცხებაა, მასთან ბრძოლაში პოლიტიკოსები ინსტრუმენტები არიან. თქვენც ასე ხართ, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ძალიან ძლიერი მოთამაშე ასე დასუსტდა.”