31 დეკემბერს, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
“ჩემს თავზე ვიტყვი, სხვას რომ არ ეწყინოს; ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ბოლო დროს, გარემოების გამო, ცოტა მეტად დავჭირდით ქალაქს და მოქალაქეებს და ქალაქმაც ჩვენი ყოველდღიური, ნამცეცა შრომა ასმაგად დაინახა, ასმაგად დააფასა და შარშან ჩემთვის უხერხულობამდე დიდი – თბილისის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭა. უღრმესი მადლობა ცხადია, მაგრამ მაინც ეს დაფასება მსოფლიოში მიდინარე ამ მოვლენების, დროებითი ჭირის გამოძახილი და პასუხია.
ამ დილით გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ყოველდღიური მოღვაწეობა იყო ქალაქზე ზრუნვა, თავისი საყვარელი ქალაქის (და არა ცალკე კორპუსების) შენება, ათეული წლების განმავლობაში! მართლაც, ყოველი წლის საპატიო და ყველასათვის საყვარელი მოქალაქე გიორგი (გიგა) ბათიაშვილი!
ძალიან ვწუხვარ. თითქოს გუშინაც კი იმედიანად ვიყავით, მაგრამ ავმა სენმა სასიცოცხლო ძალები გამოულია…
დღეს თბილისი, ერთი ძალიან დიდი მოქალაქის, დიდი მოამაგის გარეშე დარჩა…”, – წერს გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.