TV – “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, დღეს 38 წლის გახდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
„ბოლო ინტერვიუს რომ წერდა, მე ვედექი ობიექტივის წინ.
ბოლოჯერ რომ დაკეცა შტატივი, მე გადავკიდე მხარზე.
ბოლო სიტყვაც მახსოვს, როცა ბნელები კიბეებზე მორბოდნენ, მუშტი მუშტზე მომარტყა და არ მეშინიაო, მითხრა.
მერე იყო ზარი საავადმყოფოდან და დაპირება, დასვენების ყველა დღეს სისტემის ნგრევაში უნდა მოგეხმაროო.
მერე წავიდა და ყველაფერი გააუფასურა.
დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!
კაცი არ ვიყო, შენი სიკვდილი თუ შევარჩინო ამ ბნელებს…“, – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ლექსო ლაშქარავაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფიზიკურად იძალადეს და პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ოპერატორის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ლექსო ლაშქარავამ კლინიკა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. 11 ივლისს კი გამთენიისას, ის სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.