“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ჩამოსვლისას ჯოჯოხეთი გამოიარო, 50 დღე იშიმშილო, ამხელა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხს გაუძლო, ამხელა რუსული სისტემა გებრძოდეს და მაინც ფორმაში იყო, ეგ მხოლოდ მიშას შეუძლია”, – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული სხდომას თავად პირველად ესწრება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.