“ვარდების რევოლუციიდან” 18 წლის გასვლის დღესთან დაკავშირებით, ქალთა უფლებადამცველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე იხსენებს:
“2005 წლის გვიან შემოდგომას როცა ადრიანად ბნელდებოდა ბუდაპეშტში მე და ჩემი თანაკურსელები მორიგ “ბუდაბარში” გავედით დასალევად. ღია კაფეში ცოტა ციოდა, მაგრამ ცხელი გლინტვეინებით ვთბებოდით დუნაის სანაპიროსთან. და ისეთი ოპტიმიზმით განვიხილავდით სამომავლო გეგმებს, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებს სჩვევიათ. პოსტ-საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული სტუდენტების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ბელორუსები და შუა აზიელები, სამუშაოდ და საცხოვრებლად ევროპაში დარჩენაზე ოცნებობდნენ. ვიცოდით, რომ ასეთ ახალგაზრდებს და ამერიკაში აკრედიტირებული უნივერსიტეტის დიპლომიანებს ნამდვილად გვქონდა ევროპაში სწავლის გაგრძელების და დასაქმების შანსი. ამ საუბარში ჩემმა მეგობარმა ქართულად და ხმადაბლა, ჩემ გასაგონად თქვა: ჩვენ ეგრევე საქართველოში უნდა დავბრუნდეთ. ეს ის მეგობარი იყო, ვისთანაც სკოლაც საერთო მქონდა, თსუ-შიც ერთ კურსზე ვსწავლობდით და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტშიც ერთ პროგრამაზე ამოგვეყო თავი. რატომ ეგრევე? ვკითხე მე, უკვე მეორე წელია ბუდაპეშტში ვცოვრობდი, და ძალიან მომწონდა აქაურობა. იმიტომ რომ ეხლა არის ფანჯარა ღია, ეხლა შევძლებთ ნაცნობების გარეშე დასაქმებას და ქვეყნისთვის მაგარი საქმის კეთებას, სულ ასე კი არ იქნება, თქვა მან.
ორივე ეგრევე დავბრუნდით, ორივემ ვიმსახურეთ საჯარო სამსახურში. სხვათაშორის მან იზრუნა, რომ საჯარო სექტორში წავსულიყავი და იმ შემოთავაზებას დავთანხმებოდი. ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ ორივემ.
აი, ეგ მოიტანა მაშინ ვარდების რევოლუციამ – შესაძლებლობების ფანჯარა და უკეთესი მომავლის რწმენა. არც ერთი გავქვს ახლა და არც მეორე, მაგრამ ისევ უნდა შევძლოთ ახალგაზრდებისთვის და ჩვენი თავებისთვის შესაძლებლობის ფანჯრის გაღება და უკეთესი მომავლის რწმენის დაბრუნება. თან ახლა იმ ასაკში ვართ, როცა ჩვენზეა ეს პასუხისმგებლობა”, – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი გაყალბების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რასაც 23 ნოემბერს მოჰყვა პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა.