პროდიუსერი ლაშა ბასლანძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით, იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ.
“ვინც მე მიცნობს და ჩემი ამბავი იცის… ვინც მემეგობრება და დღეს იმ მანიაკის გამოშვებას ითხოვს და იქ დგას… ამ სირცხვილში თუ ვინმე ჩემიანი მონაწილეობს… მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება ვეცდები ზუსტად იგივენაირად გაგრძნობინოთ თავი, როგორშიც დღეს მე ვარ… დიდი მადლობა, რომ ჩვენს წამებას მოაწერეთ დღეს ხელი… დღევანდელი დღე კარგად დაიმახსოვრეთ”, – წერს ბასლანძე სოციალურ ქსელში.
გუშინ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
Aljazeera AFP-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე 50 000-ზე მეტი დემონსტრანტი იმყოფებოდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქცია-კონცერტი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე დაიწყო. “თავისუფლება მიშას” – ეს სიტყვები დააწერეს საქართველოს სახელმწიფო დროშებსაც, რომლებიც მოედანზე სააკაშვილის ფოტოებთან ერთად გამოფინეს, აქციაზე სიმბოლურად წითელი ვარდებიც გამოჩნდა.
შეკრება მიხეილ სააკაშვილის წერილობითი მიმართვით დაიწყო. სიტყვით გამოვიდნენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. როგორც ცნობილია, აქციას მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ადევნებდა თვალს.
https://mix.metronome.ge/22454-2/