ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 45 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დავით ქიტესაშვილი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელმა დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დავით ქიტესაშვილი ოჯახი თავდამსხმელთან ერთად სისხლიან გარჩევაში მონაწილე სხვა პირების დასჯას მოითხოვს. მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი პირი შველას ითხოვდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
40 წუთის ლოდინის შემდეგ კი ქიტესაშვილი სისხლისგან დაიცალა. ირკვევა, რომ დაპირისპირება თავდაპირველად მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ბიჭის მამასა და დავით ქიტესაშვილს შორის სუფრასთან, ლუდის გამო დაიწყო.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, დაპირისპირებულები ქუჩაში გავიდნენ, რა დროსაც ნიკა ნინიაშვილი სახლში წავიდა, სამზარეულოს დანა აიღო და დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჩაარტყა.
დაკავებულის ბაბუა “პირველებთან” ამბობს, რომ გარდაცვლილმა მის შვილიშვილს შეაგინა, კაცი ამტკიცებს, რომ დავით ქიტესაშვილი ნიკა ნანიაშვილს მაშინაც მოსდევდა, როცა მამამის სახლში მიჰყავდა, რის შემდეგაც 27 წლის კაცმა დანა აიღო და 45 წლის კაცი მოკლა.