ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი (გია) გოგელიანი გუშინ გერმანიის ქალაქ მიუნხენში დააკავეს. 46 წლის კრიმინალური „ავტორიტეტი“ ბავარიის შტატის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს. ოფიციალურად მას გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას ედავებიან. ჩვენი ინფორმაციით, გოგელიანი მიუნხენში უკრაინელ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 30 დღის ვადაში ევროკავშირის ტერიტორიას დაატოვებინებენ. არ არის გამორიცხული „კანონიერი ქურდი“ გერმანიამ საქართველოს გადმოსცეს, ვინაიდან ქართველ სამართალდამცველებს მასზე ძებნა აქვთ გამოცხადებული. საქართველოში გია გოგელიანს ბრალი დაუსწრებლად მიმდინარე წლის მაისში წარუდგინეს, მასთან კავშირში მყოფი 13 პირი კი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ. ისინი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ გერმანიაში მყოფ გოგელიანს, რომელიც კონკრეტულ დავადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა. იმ შემთხვევაში თუ „კანონიერ ქურდს“ საქართველოში ჩამოიყვანენ, მას 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.
ცნობისთვის: 46 წლის გია გოგელიანი „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 25 წლის ასაკში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „აკურთხეს“. ბოლოს საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს. ციხეც და ქვეყანაც 2013 წლის აპრილში დატოვა და პირველ ჯერზე თურქეთში დასახლდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულია ვიდეო კადრები, სადაც ასახულია გია გოგელიანის, მინდია ლავას-ოღლის და კიდევ რამდენიმე პირის დაპირისპირება „კანონიერ ქურდ“ ჯეირან კინწურაშვილთან. გოგელიანი-ლავასოღლის მხარე კინწურაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.