მილიარდერმა ბილ გეითსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ საბოლოოდ ამოეწერება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიიდან და თანხას იმ ფონდში გადარიცხავს, რომელიც მეუღლესთან, მელინდა გეითსთან ერთად დააარსა. გეითსის თქმით, მას აქვს “ვალდებულება”, საზოგადოებას თავისი რესურსები უკან დაუბრუნოს.
ამჟამად, გეითს მსოფლიოში სიმდიდრის მიხედვით რიგით მეოთხე ადგილზეა და მისი ქონება 118-მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ის მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც თანხას ფონდში გადარიცხავს.
“ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში გეითსი წერს, რომ “გლობალური შეფერხებების” გამო, ფონდი წლიურ ხარჯებს გაზრდის და 2026 წლამდე 6 მილიარდიდან 9 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს
“გლობალურ შეფერხებებში” გეითსი პანდემიას, უკრაინაში ომს და კლიმატურ კრიზისს გულისხმობს.
“როცა მომავალზე ვფიქრობ, მთელი ჩემი ქონების ფონდისთვის გადაცემას ვგეგმავ. საბოლოოდ ჩამოვშორდები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიცხვს. მე მაქვს ვალდებულება, დავუბრუნო ჩემი რესურსები საზოგადოებას ისე, რომ მათი ტანჯვა შემცირდეს და ცხოვრება გაუუმჯობესდეთ. ვიმედოვნებ, სხვა მდიდარი და პრივილეგირებული ადამიანებიც შემომიერთდებიან”. -“,- წერს Microsoft-ის თანადამფუძნებელი
გეითსის ფონდი მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა აღმოიფხვრას ისეთი დაავადებები, როგორიცაა მალარია, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და დაძლიოს ცუდი სანიტარული პირობები. 2020 წელს ითვლებოდა, რომ ბილ და მელინდა გეითსის საქველმოქმედო ფონდი, მსოფლიოში რიგით მეორე იყო სიდიდით. ფონდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი კერძო დონორია.