ჰაკერებმა Facebook-ის 553 მლნ მომხმარებლის, მათ შორის საქართველოს 95 193 მოქალაქის პირადი მონაცემები ერთ-ერთ ფორუმზე გაასაჯაროეს. მას შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს აინტერესებთ, მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა მათი ისეთი მონაცემები, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და ა.შ. ცნობილი ხდება, რომ ეს არ ეხება პირად მიმოწერას.
როგორ გადავამოწმოთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა ჩვენი პირადი მონაცემები?
გამოცემა The Verge წერს, რომ ამის გადამოწმება სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, გადახვიდეთ ვებგვერდზე Have I Been Pwned და მითითებულ გრაფაში მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი (მეილი). ვებგვერდი თქვენი პირადი ინფორმაციის, როგორც Facebook-ის, ისე სხვა საიტებიდან მოპარვასაც შეგატყობინებთ.
რა უნდა გააკეთოთ, თუ შეიტყობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები მოპარულია?
თუ მითითებულმა ვებგვერდმა გამცნოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები ჰაკერებმა მოიპარეს, პირველ რიგში პაროლები უნდა შეცვალოთ იმ საიტებზე, საიდანაც ინფორმაციამ გაჟონა. ამის შემდეგ კი, დამატებითი დაცვისთვის, ორმაგი ავტენთიფიკაციის ფუნქციის ჩართვაა საჭირო.