რატომ უფასურდება ლარი და ვინ შოულობს დიდ ფულს კურსის თამაშით?, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ოთო აბესაძე “ალია-ს” ესაუბრა.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს:
– ოთო, საკმაოდ დიდი ხნის წინ ამბობდი, რომ ლარი გაუფასურდებოდა და ასეც მოხდა. რა არის ამჯერად ამის მიზეზი?
– 12 აგვისტოს, 40 მილიონი დოლარი რომ იყიდა ეროვნულმა ბანკმა, მაშინ ბაზრიდან, ბრუნვიდან ლარის ხელოვნურმა ამოღებამ თავისი შედეგი გამოიღო. ეს 40 მილიონი რომ იყიდეს, მაშინ ვთქვი, რომ შემოდგომით ლარი გაუფასურდება-მეთქი და ასეც მოხდა – 3 კვირაში 19 თეთრით გაუფასურდა ლარი. ახლა ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად და გაყიდა მხოლოდ 32 მილიონი. ჯერ ყიდვა რა იყო და მერე გაყიდვა, ვერ გავიგე. ეს არის ჩვეულებრივი უხეში ჩარევა სავალუტო ბაზარზე, ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელიც აზიანებს პროცესს. ჩემი პროგნოზით, კურსი დადგება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ, დაახლოებით 1$- 2.80-2.90 ლარი. 32 მილიონი დოლარის გაყიდვა, ვერ ამყარებს ლარს, ფაქტია სახეზეა. ეროვნული ბანკის ქმედებებს რა დავარქვა, არ ვიცი, ეკონომიკურ ენაზე ამას ახსნა არ აქვს.
– გამოდის, ლარის კურსს ხელოვნურად ათამაშებენ და ამით ვიღაცები დიდ ფულს შოულობენ?
– გამოდის კი არა, ეგრეა. ეს არის ფინანსური მანიპულაციები, ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ლარის კურსის ხელოვნური ცვლილებები და უზარმაზარ, კოლოსალურ მოგებას ნახულობენ გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები. ამ დროს ხალხი ზარალობს.
– ბანკები შოულობენ ფულს ამ მანიპულაციებით თუ კერძო და სხვა იურიდიული პირები, რომელთაც დიდი თანხები გააჩნიათ?
– არა, არანაირი ბანკები. კონკრეტული ადამიანები შოულობენ ფულს, რომელთაც აქვთ დიდი ოდენობით ქეში, ეს საქმე აქვთ ბიზნესად ქცეული, აქვთ ინფორმაცია, ვალუტის კურსი როდის აიწევს, როდის დაიწევს და შესაბამისად, დოლარს ხან ჰყიდიან, ხან – ყიდულობენ.
– ბანკების მეშვეობით ყიდულობენ თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში?
– ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ხელში ვალუტა გიჭირავს, დოლარი გიჭირავს, ნებისმიერი ბანკი, ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია და სავალუტო ჯიხური მიიღებს, რადგან ვალუტის ყიდვა-გაყიდვით ისინიც მოგებას ნახულობენ
წყარო: ალია