გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიღუპა ყველა, ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდა და სამაშველო ოპერაციის განსახორციელებლად მიდიოდა. ვერტმფრენს 35-წლიანი გამოცდილების მქონე მფრინავი – ზაზა ლორია მართავდა.
“თბილისელებთან” ინტერვიუში ზაზა ლორიას შვილმა ანა ლორიამ მამაზე ისაუბრა.
– როგორი იყო თქვენი ოჯახური ცხოვრება? ალბათ, მამის საქმიანობის გამო დაძაბული იყო, იმის შიშით, რომ რამე არ დამართნოდა…
– არა, ასე ნამდვილად არ იყო. ჩვენი და ნებისმიერი მფრინავის ოჯახში ფრენა ყოველდრიურობასთან ასოცირდება. მეტსაც გეტყვით, მთელი ბავშვობა მოუთმენლად ველოდი ხოლმე ცაზე მის გამოჩენას. დაგვირეკავდა: მოვფრინავ და გულისფანცქალით, ხელგაშლილი მივრბოდი მის დასახვედრად. დაბალზე იცოდა გადმოფრენა, ვერტმფრენის გუგუნი და ეს ენით აღუწერელი ემოციები უდიდეს სიამაყესა და სიხარულს მგვრიდა, რომელიც შემდეგ ჩემმა შვილმა, საბამ გადაიბარა. დღემდე მისთვის ყველა ვერტმფრენი ბაბუსთან ასოცირდება.
– ბოლოს როდის გქონდათ მასთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება?
– ბოლოს ტრაგედიის დილას ვისაუბრეთ, შვილიშვილებთან ერთად ისაუზმა და შევთანხმდით, რომ საღამოს აეროპორტში შევხვდებოდით. ბავშვებთან ერთად ვერტმფრენში ფოტოების გადაღება გვქონდა დაგეგმილი.
– როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?
– როგორც გვქონდა დაგეგმილი, საღამოს გავემზადეთ, დედასთან და ბავშვებთან ერთად აეროპორტის გზას დავადექით, რა დროსაც მობილურზე ატყდა განგაში, შეტყობინებები: „ხომ მშვიდობაა?“ თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, შემდეგ ჩემი ძმის ზარი: „მამა სად არის?“ ვუპასუხე, რომ ყაზბეგში გაფრინდა, მისი რეაქციით მივხვდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, გავხსენი სოციალური ქსელი და მას შემდეგ დღემდე ჭიდილში ვარ, ტვინი არ უშვებს იმ ფაქტს, რაც მოხდა.
– ამ ტრაგედიის შემდეგ, ბევრი ტექნიკის გაუმართაობას უსვამს ხაზს, თუ უსაუბრია მამას როდისმე მსგავს პრობლემაზე?
– გაუმართავი ვერტმფრენით ფრენები არ ხორციელდება. გაფრენამდეც და მანამდეც არაერთხელ ამოწმებენ. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, გამოძიება დაადგენს.
– ვინ იყო ზაზა ლორია პროფესიის მიღმა, როგორი მეოჯახე და მამა იყო, როგორი ადამიანი, რა პრინციპები ჰქონდა?
– ზაზა ლორია პროფესიის მიღმა იყო უპირობო სიყვარულის არაამქვეყნიური ნიჭით დაჯილოებული ადამიანი. არასდროს არაფერს მოითხოვდა შენგან, უყვარდი ისეთი, როგორიც იყავი. სჯეროდა საკუთარი შვილების, იყო ჩვენი ნებისმიერი წამოწყების პირველი მხარდამჭერი, არასდროს გაგრძნობინებდა ასაკობრივ სხვაობას, ჰქონდა საოცარი იუმორი, უყვარდა ადამიანები. ძნელად გაიხსენებს ვინმე ბრაზმორეულ ზაზას, სახეზე მუდამ სიკეთენარევი ღიმილი ჰქონდა. დედა იყო მისი ყველაზე დიდი სიყვარული, მოტივაცია, იმედი. იტყოდა ხოლმე, „მე ყველაფერს ჩემი თამუნასთვის ვაკეთებო“.
– რას ნიშნავს, იყო ასეთი ადამიანის შვილი?
– მამაჩემი სიცოცხლეშივე იყო ჩემი გმირი და ბედნიერი ვარ, რომ ეს არაერთხელ მოუსმენია ჩემგან. ზღაპარში გვაცხოვრა, რომელსაც სიკვდილითაც არ მისცა დასრულების ნება. დღეს იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე ოდესმე…
წყარო: tbiliselebi.ge