ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“,
2008 წლის ნოემბერი, №27.
— ქალბატონო ლელა, მოდით, დავიწყოთ იმით, რისი თქმაც „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში ძალიან გსურდათ, მაგრამ არ დაგცალდათ. ვგულისხმობ მაგისტრალის მშენებლობას, რომელმაც სომხეთი, აჭარისა და ახალციხის გავლით, თურქეთს უნდა დააკავშიროს.
— დიახ, მე მინდოდა მიმეწვდინა ხმა ყველასთვის, ვისაც ეს ეხება: რაღა მაინცდამაინც ახლა და თანაც აჭარა-ახალციხის გავლით მოინდომეს სომხებმა თურქეთში გასვლა? ვერ ხვდებით, რა დევს ამაში? რა და მეორე აფხაზეთი და მეორე სამაჩაბლო! გამომდინარე აქედან, ამ მაგისტრალის აშენება არაფრით არ შეიძლება. ჭკუა ვეღარ უნდა ვისწავლოთ?
ასე ჩაგვისახლდებიან საქართველოში, გავა მერე ორმოცდაათი წელი ან ერთი საუკუნე და, სამაჩაბლოსი და აფხაზეთისა არ იყოს, დაიწყებენ ავტონომიების მოთხოვნას და ქართული მიწის დანაწევრებას.
ზღვაზე გასასვლელი ყველას უნდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ საქართველოს წილ ზღვაზე ყოფნა ბედისწერაზე სხვას არავის აწერია. ასე იყო და ასე იქნება!
— თქვენ წინასწარმეტყველებაში წერთ, რომ ამ სომხური პროექტის უკან კრემლი დგას და სწორედ მათ ინტერესებში შედის მისი განხორციელებაო. ამის პარალელურად, ექსპერტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კრემლში არსებობს სამეგრელოს აფხაზეთთან შეერთების გეგმა. ამან თქვენი 1999 წლის 15 მარტს ჩაწერილი წინასწარმეტყველება გამახსენა „აფსამაჭას“ შესახებ. სწორედ ასე უწოდეთ აფხაზეთის, სამეგრელოსა და აჭარის გაერთიანების რუსულ გეგმას…
სწორედ გაგახსენდა. რუსეთი ცდილობს დაიპყროს პატარა სამოთხე — საქართველო, რომელსაც აქვს ზღვაც, მთაც და უდაბნოც კი. რუსეთი ყურადღებას არ აქცევს თავის აღმოსავლეთს და ცდილობს, რომ ტერიტორიები საქართველოს დაპყრობის ხარჯზე გაიფართოვოს. რახან სოჭი შერჩათ, ფიქრობენ, ასევე შერჩებათ აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ახლა კიდევ გოდერძის უღელტეხილზე გამავალი გზა მოიგონეს, სადაც ჯარის ჩაყენებას გეგმავენ, რათა ბოლოს რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადებენ ქართული ტერიტორია. ასეთია ჩანაფიქრი — დიდი ხნის ჩანაფიქრი, რომელსაც კრემლი, თავისი ჭკუით, ნელ-ნელა ახორციელებს.
სიმართლე გითხრათ, სომხები მეცოდებიან კიდეც, იმიტომ, რომ რუსები, რომლებსაც მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული სომხეთში, მათ იგივეს გაუკეთებენ, რაც აფსუებს გაუკეთეს. სომხებს ვურჩევდი, რუსებთან მიმართებაში ფრთხილად იყვნენ. რაც შორს დაიჭერენ თავს მათგან, მით დიდხანს იარსებებს სომხეთი. რუსეთი ამ ქვეყანას უყურებს როგორც საკუთარ სამხედრო ბაზას და არა როგორც სახელმწიფოს.
— ქალბატონო ლელა, რუსეთი ახალგორის რაიონს ცოცხალი თავით არ ტოვებს. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ ეს ყველაფერი კრემლს მორიგი პროვოკაციისთვის სჭირდება.
— რუსეთის ჩანაფიქრი მაინც არ ასრულდება. კი, ნამდვილად ყველანაირ პროვოკაციაზე წამოვლენ, კიდევ მოიქნევენ კუდს, ივლიან წინ და უკან ტანკებით, მაგრამ ბოლოს წავლენ; ზუსტად ისე წავლენ, როგორც ვიწინასწარმეტყველე: შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას!
მთავარია, არ შეშინდეთ, მტკიცედ იდექით! გჯეროდეთ, ერთი გოჯიც არ მოაკლდება საქართველოს ტერიტორიებს და მალე შეიცვლება ყოველივე უკეთესობისკენ ქართველი ხალხისთვის.
— რუსეთ-უკრაინას შორის სავარაუდო ომზე დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, თქვენ კი ეს ომი პირველად 1992 წელს ახსენეთ და ბრძანეთ, რომ იგი გარდაუვალია.
— დიახ, ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალია. რუსეთს ჭკუა არ ეყოფა საიმისოდ, რომ მიხვდეს, რამხელა ზიანს მოუტანს მას უკრაინასთან შეჯახება და წავა ავანტიურაზე, რომელიც მისი მარცხით დამთავრდება.
ეს რომ პირველად ვთქვი, გაოცებულები მიყურებდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ, რა რუსეთ-უკრაინის ომიო?! დიახ, 16 წლის წინ დაუჯერებელი იყო ეს წინასწარმეტყველება, მაგრამ რა მექნა, არ მეთქვა?
დღესაც ასეა. ვიღაცას რაღაც წარმოუდგენლად მიაჩნია და თავგამოდებით ცდილობს, ეჭვი დათესოს საზოგადოებაში. თუმცა მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას, ვინ რას ამბობს, ვინ რას ფიქრობს ჩემს წინასწარმეტყველებებზე, იმიტომ რომ ვიცი, თითოეული სიტყვა სრულდება, მოქილიკეებს კი უფალი გასცემს პასუხს.
თანაც, რას ჰქვია ჩემი წინასწარმეტყველება?! ამ ჩანაწერებიდან არცერთი სიტყვა არ არის ჩემი ნებით წარმოთქმული.
— ქალბატონო ლელა, ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვიწერთ, საქართველოს ტელევიზიით ცნობილი გახდა, რომ ინგუშეთში ფართომასშტაბიანი ბრძოლები დაიწყო. თქვენი წინასწარმეტყველებისაებრ, რუსეთი ცდილობს, დამალოს ეს ინფორმაცია…
— აჰა, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით ზუსტად სრულდება. თექვსმეტი წელია ვყვირი, ჩრდილოეთ კავკასია იწვის, მთიელები დამოუკიდებლობას მოითხოვენ და სასტიკ ომს გამოუცხადებენ რუსეთს-მეთქი. ნახავთ, როგორ გაერთიანდებიან კავკასიელები და რა დღეს დააყენებენ რუსეთს, ეს კი საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. რუსეთი მალე ვეღარ მოიცლის საქართველოსთვის. მუსლიმები არ შეჩერდებიან.
კავკასიელებს რუსეთი ვერ დააჩოქებს, იმიტომ, რომ იქ ისევ გაგრძელდება ტერაქტები და ომები. კრემლს დიდი ძალისხმევა დაჭირდება თავისი სამხრეთი საზღვრების დასასუფთავებლად. ამით სრულად გამოჩნდება რუსეთის ზეფაშისტური სახე და მთელი მსოფლიო ილაპარაკებს იმაზე, როგორ უმოწყალოდ ანადგურებს იგი მცირე ერებს.
— ქალბატონო ლელა, 1992 წელს ბრძანეთ, აფსუები (და ოსებიც) ძირფესვიანად ითხრებიან ქართული მიწიდანო. მოგვიანებით კი არაერთგზის დააკონკრეტეთ: მათ გადაშენებას რუსები შეუწყობენ ხელს და აფსუები მიხვდებიან, რომ ამ საფრთხისგან მხოლოდ ქართველები თუ იხსნიანო. ვგონებ, აფსუა სეპარატისტები უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვითომ დამოუკიდებლობის მიღმა სინამდვილეში გარუსების საშიშროება დგას.
— დიდი ხანია მიხვედრილები არიან, რადგან დიდი ხანია მათ არავინ არაფერს ეკითხება. უბრალოდ, ახლა ძალიან მოუჭირეს რუსებმა და ამათაც მოძრაობა დაიწყეს. ამიტომაც შეუერთდებიან ქართველ პარტიზანებს და რუსებს ერთად დაარტყამენ…
— ქალბატონო ლელა, ამ ბოლო დროს თქვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული გამოსვლები დაიწყო. ხომ არ არის ეს ხელისუფლების მცდელობა, შეარყიოს საქართველოს მოსახლეობის ნდობა თქვენდამი და ამ გზით ერთგვარად შური იძიოს იმ წინასწარმეტყველებების გამო, რომლებიც მათ შესახებ გაქვთ წარმოთქმული?
— ძალიან ხომ არ გაგიკვირდება, რომ გითხრა, ზუსტად ვიცი — გვარებითა და სახელებით, ვინც მებრძვის და მიპირისპირდება-მეთქი? რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რა ძალები დგანან კონკრეტული ადამიანების უკან და რატომ ადგათ ყელზე ლელა კაკულია.
მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქართველებს, რომ, როგორც უნდა დამიპირისპირდნენ, როგორი ბინძური კამპანიაც უნდა აწარმოონ ჩემ წინააღმდეგ, არაფერი შეცვლის წინაწარმეტყველებას, რომელიც ჩემი სურვილის, სიმპათიისა და ანტიპათიის მიხედვით კი არ წარმოითქმება, არამედ უფლის ნებით.
უდიდესი ცოდვაა და, მაპატიეთ, მაგრამ უდიდესი სისულელეც, ეცადო, წინასწარმეტყველება შენ სასარგებლოდ შეატრიალო, ანუ საკუთარ მიზნებს მოარგო. ეს არავის არასდროს გამოსვლია და არც გამოუვა. ყველა საკუთარი თვალით იხილავს, როგორი კრახით დაამთავრებს მავანი და მავანი კარიერას.
— არ ვიცი, ესეც თქვენი საწინააღმდეგო პიარ-კამპანიის ნაწილი იყო თუ უბრალოდ, ადამიანებმა ვერ მიიღეს 24-ე საუკუნეში დანახული ერთიანი, ძლიერი, მდიდარი და მრავალმილიონიანი საქართველო, მაგრამ ფაქტია, ვიღაც-ვიღაცეებმა ამ წინასწარმეტყველებაზე ბევრი იქილიკეს.
— არ მანაღვლებს, რას იტყვიან ისინი, ვისაც გულს უხეთქავს ჩემი ქვეყნის კარგი მომავალი.
იმაზე, რაც ახლა საქართველოში და მსოფლიოში ხდება და მოხდება ახლო მომავალში, 1992 წლიდან ვწერ და ამას სხვადასხვა გამოცემებში ვაქვეყნებ წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რით დამთავრდება მიტაცებული ტერიტორიების საკითხი თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
შესაბამისად, გამიჩნდა კითხვა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მერე, საუკუნეების მიღმა, სად იქნებიან ქართველები, იარსებებს თუ არა ჩემი სამშობლო-მეთქი?
სწორედ ამ კითხვაზე მივიღე პასუხად ის, რაც ზოგიერთმა ვერ კი არა, არ გაიგო: „დღეს ჩვენ ვიბრძვით და მოვიგებთ იმ მომავალს, რომელსაც ვხედავ 24-ე საუკუნეში: ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი და გამრავლებული საქართველო — თითქმის 30 მილიონი ქართველით“.
მე არც უფლება და არც სურვილი არ მქონდა, არ ჩამეწერა და არ მემცნო ეს ხედვა ჩემი ქართველებისთვის. თუ ვინმე გააღიზიანა ამ წინასწარმეტყველებამ, ისევ ქვეყნის მტრები და არაქართველები, თორემ ქართველს რატომ უნდა ეწყინოს სამშობლოს ძლიერი მომავალი?
— ზოგმა ისე აღიქვა, 24-ე საუკუნეში შევალთ ნატოშიო.ასე კი არ აღიქვა, ასე გამოიყვანა. ნატოში დაჩქარებული ტემპით შევალთ-მეთქი ვწერ და ასეც იქნება.
რაც შეეხება წინასწარმეტყველებების შეგნებულად დამახინჯებას, ვაფრთხილებ ყველას – ეს ძალზე სახიფათო და უგუნური თამაშია; არავის ვურჩევ კოსმოსთან ჭიდილს. ისინი, ვინც ამას შეეცდებიან, უდიდეს დარტყმას მიიღებენ სხვადასხვა სახით. კი მიხვდებიან, რატომ ემართებათ ის, რაც ემართებათ, მაგრამ გვიან იქნება.
— ქალბატონო ლელა, აგვისტოს მოვლენების დაწყებიდან აქამდე თქვენ თითქმის არაფერი გითქვამთ ქვეყნის შიდა პროცესებზე და ვიღაც-ვიღაცეებმა ესეც დაიხვიეს ხელზე.
— შიდა პოლიტიკური პროცესები ახლა გაყინულია, არაფერი ხდება (სხვათა შორის, ეს კიდევ გაგრძელდება გარკვეული დროით), ანუ დადგა ნაწინასწარმეტყველები ჟამი — „დრო გაჩერდა, სიჩუმეა ირგვლივ“. ეს უფლის ნებაა და არა ჩემი.
არაერთხელ ვთქვი, ახლა დიდი ენერგიები მოდის კოსმოსიდან საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებისათვის-მეთქი, ანუ მთელი ზეძალები სწორედ ამ მიმართულებითაა გადართული და, შესაბამისად, მეც მხოლოდ ამ ინფორმაციას მაწვდიდა კოსმოსი.
და რა მექნა, თავად ხომ არ მოვიგონებდი და შევთხზავდი ზღაპრებს? ვისაც შიდა პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარება აინტერესებს, გადაშალოს გაზეთის წინა ნომრები და წაიკითხოს.
იცით მთავარი მაინც რა არის? ის, რომ „ხელზე დახვევაც“ შეგნებულადაა გაკეთებული, თორემ ვინც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, ყველაფერი წაკითხულიც აქვს და კარგადაც იცის, მაგრამ რაც აწყობს, იმას ამბობს. თუმცა, სისულელეა ყველაფერი, მაინც ვერ მიაღწევენ მიზანს, რომ რწმენა და იმედი ჩაკლან ჩემს ხალხში.
მინდა კიდევ ერთხელ გავამხნევო ჩემი ქართველები და ვუთხრა:
ყველა წინასწარმეტყველება სიტყვა-სიტყვით ასრულდება. არ დაკარგოთ იმედი! ნუ აჰყვებით ჩვენი მტრების მცდელობას, დაგაშინონ, დაგაჩაჩანაკონ და ფსიქოლოგიურად გაგტეხონ, რათა მერე იოლად დაგიმორჩილონ.
იცოდეთ, ამ საკითხზე ბევრს მუშაობს რუსეთის სპეცსამსახური, რომელსაც საკუთარი კანდიდატი ჰყავს შერჩეული ჩვენი სამშობლოს მმართველად, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
ქვეყნის ახალ მთავრობას თავად ქართველი ხალხი აირჩევს და სწორედ იგი დაალაგებს არეულ სიტუაციას.
ნუ შეშინდებით, ქართველებო!
ნატოშიც შევალთ, ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და ქვეყნის მოჭირნახულე ხელისუფლებასაც ავირჩევთ. ამას უფალი გააკეთებს და არა ადამიანი. სწორედ იგი დასჯის სასტიკად ყველას — შინაურსაც და გარეულსაც, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, ხელისუფალთაც და უბრალო ჩინოვნიკებსაც, ვინც ჩემი ხალხი და ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩაყარა, ვინც უკანონობა გაამეფა და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით, ხელი შეუწყო ან თვალი დახუჭა ამაზე.
ადრე ვთქვი, უფლის საცერი ცრის და ყველა გაივლის მასში-მეთქი. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მრავალს აეხადა ნიღაბი და კიდევ ბევრის ნამდვილ სახეს დაგვანახებს ღმერთი.
— დაბოლოს, ქალბატონო ლელა, რედაქციის ელექტრონულ ფოსტაში უამრავი თხოვნა შემოდის თქვენს სახელზე, H5-ში (იმ წლებში მოქმედი სოციალური ქსელი, – რედ.) მეგობართა სიაში დაგვამატეთო.
— სამწუხაროდ, მე კომპიუტერის ჩართვაც კი არ ვიცი, არათუ მისით სარგებლობა. რასაც შენ მეუბნები, წარმოდგენაც არ მაქვს, რა არის…
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც თავის მეგობრად სურს მიხილოს, მაგრამ კომპიუტერი და ინტერნეტი ჩემთვის, შეიძლება ითქვას, არ არსებობს.
მე მიწიერად ძალას მაძლევს ის დიდი სითბო და სიყვარული ჩემი უბრალო ხალხისა, რომელსაც ყოველწუთიერად ვგრძნობ. ვიწინასწარმეტყველებ მათთვის ყოველთვის, სიცოცხლის ბოლომდე და ამას ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ შეაჩერებს!”, – წერს კაკულია ფეისბუქზე”, – აცხადებს კაკულია.
წყარო: Sportsvideo.ge