ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში 23 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მას დაზიანება ოთხგან აქვს მიყენებული. როგორც დაჭრილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, სასწრაფოს მოსვლამდე, სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციის თანამშრომელმა წაიყვანა.
შემთხვევა სოფელ სხვილისის ცენტრში 29 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16:30 საათისთვის მოხდა. თანასოფლელმა ს.ი-მ შელაპარაკების შემდეგ 23 წლის აკოფ გიჩიანი დაჭრა.
„მე და ალიკა, რომელიც პოლიციაში მუშაობს ვლაპარაკობდით. ცოტა ხნით გავჩერდი, რადგან ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდი. ამ დროს მოვიდა ს.ი. და ალიკას დაუწყო გაფრთხილებები. რაღაცებს ეუბნებოდა – ასე გააკეთებ ისე გააკეთებო, ნასვამი იყო. ჯერ ალიკას აფრთხილებდა, მერე მეც დამიწყო –ამას გიზამ იმას გიზავო. მე ვუთხარი, მე რა შუაში ვარ საერთოდ–თქო. ალიკამ უთხრა, წადი, მერე მოვალ და ვილაპარაკოთო“,- იხსენებს მომხდარს აკოფ გჩიანი.
მისივე თქმით, შელაპარაკებიდან მალევე, როცა წასვლა დააპირა, ს.ი-მ მოულოდნელად დაარტყა. არ ახსოვს ამ დროს კიდევ მასთან ერთად იმყოფებოდა თუ არა სამართალდამცავი.
„წამოვედი მანქანაში ვჯდებოდი, ჯერ მხარზე ხელი დამარტყა, მერე დანის მსგავსი ყელთან. მეც დავარტყი, მერე ისევ დამარტყა ეს დანა, სულ ოთხი ჭრილობა მაქვს. სისხლში ვცურავდი. სასწრაფოში დარეკეს იქ იმდენი რამე იკითხეს ამასობაში ალიკამ თავის მანქანით წამიყვანა საავადმყოფოში“,- ამბობს აკოფი.
როგორც სოფელში ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. მისი ბიძა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვება, რომ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, დაჭრილის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.
„ოდნავ ნასვამი იყო ჩემი ძმისშვილი, ერთმანეთში იკამათეს. ჯერ იმან დაარტყა [დაჭრილმა] ამას, მერე ჩემმა ძმისშვილმაც პატარა დანის მსგავსი რაღაც გაუსვა. მე იმ მომენტში არ ვიყავი იქ, მეძინა. ესენი ორივე მეგობრები არიან, მაგრამ ორივე ქვასავით გაუტეხელია და ამიტომ მოხდა ეს. შეაგინა აკოფმა და დაიწყეს ჩხუბი, მანამდე რაიმე უთანხმოება არ ჰქონიათ, მსგავსი რამ მე არ გამიგია“,- ამბობს ბრალდებულის ბიძა პოღოს იგითბაშიანი.
რა მუხლით დაიწყო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით რედაქცია შსს-გან პასუხს ორი დღეა ელოდება.