პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ხათუნა (თამარ) ალანია იყო. ახალგაზრდა ქალმა ბინა, სადაც ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ შეიძინა და მარტო ცხოვრობდა.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი „პრაიმტაიმს“ უყვება დღეს, მეგობართან ერთად ბოტანიკურ ბაღში უნდა წასულიყო, ეს მისი წუხანდელი უკანასკნელი გეგმა იყო…
ხათუნა ალანია თბილისში უძრავი ქონების ბროკერად მუშაობდა.
“ხათუნა ხობის რაიონიდან იყო, მას თამარით მივმართავდი, ეს მისი ნათლობის სახელი იყო. ერთმანეთი ტურზე გავიცანით, ორივეს გვიყვარდა სიარული. რამდენიმე დღის წინ მთხოვა შევხვდეთო, დღეს კი, გადაწყვეტილი გვქონდა ბოტანიკურ ბაღში ერთად გასეირნება.
მომხდარზე არაფერი ვიცოდი, დილიდან ვწერდი, გაიღვიძე, მოვემზადოთ და წავიდეთ-მეთქი, არ მპასუხობდა, მეგონა ეძინა. მერე, მისმა ბიძაშვილმა მომწერა, ცუდი ამბავიაო და ეს საშინელება გავიგე. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ბოლოს წუხელ ვისაუბრეთ, დღე დავგეგმეთ და ასე მოხდა.
სახლი, სადაც ის ცხოვრობდა თავად შეიძინა. ახლა, იმ კორპუსთან მივდივარ, სადაც მეგობარი დავკარგე.” – ამბობს ინგა ჯიქია.