ნამახვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ. სოციალურ ქსელში, მასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.
“უმძიმესი დღე იყო.
დღისით რამდენჯერმე მოგვიწია პოლიციელებთან შელაპარაკება. ჩვენთან მომსვლელებს, ვისაც მოაქვთ პირველადი საჭიროების ნივთები, 5 წუთს აძლევენ ეზოში ყოფნისთვის, თითქოს ციხეში გამომწყვდეული ტყვეები ვართ.
საღამოს, 3 დღის ჩამოსულმა სტუმარმა, ნიკამ მიზანმიმართულად შეცურა რიონში და აქამდე ვერ პოულობენ. როგორც გაირკვა, რუსთაველია, თუმცა 1 წელია, თბილისში ცხოვრობს. დღეს მეგობრებს მობილურით მშვიდად ელაპარაკა და არავის გასჩენია არანაირი ეჭვი. დედისერთაა, დედა გარდაეცვალა 4 წლის წინ, მამა კი საზღვარგარეთაა. ყვებიან, რომ არის კეთილსინდისიერი, მორწმუნე და ძალიან კარგად იცის ცურვა.
ამჟამად დასაკითხად წაყვანილია ბანაკის 3 წევრი. პოლიციელებთან ერთ-ერთი შეკამათება მოგვიწია მას შემდეგ, რაც თვითმხილველის ერთხელ დაკითხვის და ვიდეოჩანაწერის გაკეთების შემდეგ, მოინდომეს მოწმის ცალკე, ადვოკატის გარეშე დაკითხვა. საბოლოოდ, გვითხრეს, რომ უნდა დავიკითხოთ ყველა. ვერ დავაზუსტეთ, დაკითხვის შემდეგ დაგვაბრუნებენ ადგილზე თუ არა. შეგატყობინებთ, რამდენად გაპრობლემდება წაყვანილი მოწმეების დაბრუნება.
ჩვენთვის აქამდე გაურკვეველია ნიკას მოტივები, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავთ. გუმათჰესი გადაკეტეს და როგორც მაშველები ვარაუდობენ, დაღუპვის შემთხვევაში, გვამი იქ შეჩერდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, ცოცხალია თუ არა ნიკა. რაც ეხება ჩვენს მდგომარეობას – ყველანი ვართ მხნედ და მტკიცედ. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას,” – წერს დათო სიმონია.