აშშ-ში, უოჰოას ყურეში მდებარე კუნძული იყიდება – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია Business Insider-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კუნძულის ფართობი 6 ათასი კვადრატული მეტრია, მისი ღირებულება კი $339 ათასი. მფლობელი, 52 წლის ბილი მილიკენი ამბობს, რომ კუნძულზე შესაძლებელია ქალაქის „სინათლისა და ხმაურისგან“ სრული იზოლირება.
მილიკენი აცხადებს, რომ კუნძულს მხოლოდ იმას მიჰყიდის, ვინც იქ ღამეს გაატარებს და კუნძულის მიმართ სიყვარულს გამოამჟღავნებს. ასეთი პირობა კუნძულზე წყალმომარაგებისა და გათბობის არარსებობით არის განპირობებული.
ამასთან, ცუდი ამინდის გამო, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, კუნძულზე ყოფნა შეუძლებელია. ამასთან, წყალთან სიახლოვე შტორმის დროს დატბორვის საშიშროებას ზრდის.
„წყალმა სამჯერ მოაღწია კოტეჯამდე, მაგრამ ის ბოძებზე დგას, ამიტომ არ დაზიანებულა“, – განაცხადა მილიკენმა.